გოგა გულორდავა: წალენჯიხა ემზადება რათა უარი უთხრას წარსულსა და რადიკალიზმს მეორე ტური კი ამის ნათელი მაგალითი იქნება

წალენჯიხის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან გოგა გულორდავა მეორე ტურს იმედიანად უყურებს. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ტურში არც ოცნებას მისცეს ხმა და არც ნაცმოძრაობას მეორე ტურში მას დაუჭერენ მხარს. “თაიმერთან “საუბარში გულორდავა ამბობს, რომ უკვე აქვს გეგმა, რომლის განხორციელებასაც შეუდგება არჩევნების შემდეგ. გთავაზობთ ინტერვიუს წალენჯიხის მერობის კანდიდატთან გოგა გულორდავასთან.

რა არის თქვენი, როგორც კანდიდატის უპირატესობა? რატომ გოგა გულორდავა?

  • რა არის ჩემი უპირატესობა? პასუხი ძალიან მარტივია: მე მაქვს გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება და ზუსტად ვიცი, გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ოთხ წელიწადში რას ვაკეთებ წალენჯიხელებთან ერთად.

შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები წალენჯიხისთვის, რომელსაც აპირებთ?

  • რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ამბავი რად ღირს, როდესაც მახსენდება რომ 2021 წლის ბოლომდე გაზიფიცირებულ აბონენტთა რიცხვი 10.000-ს გადააჭარბებს?! გამორჩეულად ვგულშემატკივრობ წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს და ყველა იმ პროექტს, რომელიც წალენჯიხაში ამ მიმართულებს გააძლიერებს. მომდევნო წლებში, საქართველოში მრავალმილიონიანი ტურისტული ნაკადებია პროგნოზირებული და აქედან, მრავალათასიანი სეგმენტი სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტზე მოდის. გამარჯვების შემდეგ ვაპირებ პირადად ჩავუდგე სათავეში და ბოლომდე მივიყვანოთ სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი – შედეგად 4137 ოჯახს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ექნება. ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმეში აქტიურად ჩართვა, მაგალითად, აუცილებლად უნდა შემუშავდეს და გეგმაში გვაქვს სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა. გვაქვს 6 პუნქტიანი გეგმასადაც 30-მდე უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარებაზეა საუბარი.

მოდით, შევაფასოთ პირველი ტური და თქვენი პოზიციები პირველ ტურზე

  • მოდით, ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ: ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორიო ორგანიზაციებმა და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არჩევნების შედეგები აღიარეს. მომავალი სამი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები აღარ იქნება. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს ჩვენს მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს პირველ ტურში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. მათმა აქტიურობამ მომცა ახალი მუხტი და ენერგია მეორე ტურისთვის. მათი მონაწილეობა და მათი მოსვლა არჩევნების მეორე ტურზე არის გადამწყვეტი, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ გამარჯვება.

მეორე ტურზე, რა არის თქვენი სტრატეგია?

 

  • არიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში ხმები, არც მე და არც ჩემს ოპონენტს არ მოგვცეს. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. თუმცა, მე ვიცი მათი განწყობები მეორე ტურისთვის. ეს პატარა ქალაქია და ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, ამას ვერსად გაექცევი… ისინი, გონიერი ადამიანები არიან, ისინი ქვეყნის და წალენჯიხის პატრიოტები არიან და მზად არიან გააკეთონ არჩევანი ახალი მუხტის, უკეთესი მომავლის სასარგებლოდ. ისინი უარს ეუბნებიან აგრესიასა და იმ წარსულს, რომელსაც ყველამ ერთად ვუთხარით უარი 2012 წელს. მეორე ტურმა კიდევ უფრო გაამარტივა სიტუაცია. ახლა არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ერთ მხარეს არის აგრესიული და რადიკალური ძალა, რომელიც არის წარსული და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, კონკრეტული გეგმებით, კონკრეტული ხედვებით, ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით. ჩვენი სტრატეგიაა აგრესიის, მოსახლეობის დაპირისპირებისა და რადიკალიზმის გარეშე დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ მათი მონაწილეობით ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

 

როგორ შეაფასებთ ოპონენტის შანსებს ?

  • მენანება თითოეული წამი, რომელიც ოპონენტზე საუბარზე მეხარჯება, მაგრამ დააკვირდით მათ აქვთ ერთადერთი „გეგმა“ – სურთ გაავრცელონ რაც შეიძლება მეტი აგრესია საზოგადოებაში და დაუპირისპირონ ხალხი ერთმანეთს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო და არის აგრესიული, რადიკალური და დესტრუქციული ძალა ქვეყანაში;

თქვეც და თქვენი გუნდიც მუდმივად აპელირებთ მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. რას გულისხმობთ? შეგიძლიათ ამ ორი კომპონენტის მნიშვნელობა უფრო დააკონკრეტოთ?

  • მაგალითად, წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე გეოგრაფიული არეალია და მეც ერთადერთი მიზანია მაქვს: მინდა, რომ წალენჯიხა და წალენჯიხელების ყოფა იქცეს მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზებისთვის. ამ საქმეს კი სიმშვიდე, სტაბილურობა და მომავალზე ორიენტირებული გეგმის შესრულება სჭირდება. ყველაზე მეტად წალენჯიხას არ სჭირდება აგრესია და რადიკალიზმი. ეს არის უაღრესად მშრომელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ქალაქი. მეორე ტურში ეს აუცილებლად გამოჩნდება.არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც რადიკალიზმისა და რევანშიზმის პირობებში აშენებულა და განვითარებულა ქალაქები. ამიტომ, წალენჯიხა ემზადება რათა უარი უთხრას წარსულსა და რადიკალიზმს.

https://youtu.be/1OzOPGVc8DY

banner
წინა სტატიაშისუბარი – ჩვენ ქვეყანას ვმართავთ კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით
შემდეგი სტატიალეონიდ კუჩმა სააკაშვილზე – მსურს, ის ხელისუფლებამ დაინახოს არა მოწინააღმდეგედ, არამედ უნიკალური რეფორმების არქიტექტორად