გოგა გულორდავა – მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიშრომო თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისკენ

“მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიშრომო თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისკენ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხვალინდელ დღეზე!
წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა ამომრჩევლებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო წალენჯიხელებო! ახლოვდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების, ყველაზე პრინციპული არჩევანის გაკეთების დღე. 30 ოქტომბერი!
30-ში არჩევანი იქნება მარტივი. იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ჩემი და ჩემი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლიანობა, აბსოლუტურად რეალისტური დაპირებები: უფასო სასკოლო წრეები, ბევრი ტურისტი, გაძლიერებული მეწარმეები, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული გზები, სოფლის ინტერნეტიზაციის დასრულება, გაზიფიცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა და კიდევ ბევრი საკითხი, რასაც ჩემს 6 პუნქტიანი გეგმიდან გიყვებოდით.
რა და ვინ დგას მეორე მხარეს? – ამ საკითხზე სწორად შენიშნა პრემიერმა წალენჯიხაში სტუმრობისას – ყველაზე ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ნაციონალური მოძრაობა – რომლის წარმომადგენლებმა მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე ერთი წინადადების დაწერა ვერ მოახერხეს, არაფერს ვამბობ კომპეტენტურად შედგენილ გეგმებზე. ეს ხალხი მოდის ცარიელი ხელებითა და ცარიელი სიტყვით.
მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიშრომო თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისკენ. ვითანამშრომლო თუნდაც განსხვავებული პოზიციების, მაგრამ წალენჯიხისა და წალენჯიხელების კეთილმოსურნეებთან. მზად ვარ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად და არა, პრეროგატივისთვის და პრივილეგიების მისაღებად.
თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე! გელოდებით არჩევნებზე, რომ ერთად მივიყვანოთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე!“ – წერს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ევროპარლამენტარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – გაგიკვირდებათ და ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, ვეთანხმები პრემიერს