გოგა გულორდავა: 2 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ

gulis eleqsiri

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. მმართველმა პარტიამ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმში, წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარადგინა.

წარდგენაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი, პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“. მერობის კანდიდატმა გოგა გუოლრდავამ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და წალენჯიხაში დაგეგმილ პროექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ძალა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას. მიუხედავად არაერთი ცილისწამებისა, არაერთი ბინძური კამპანიისა, რომელიც მომდინარეობს მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ეს ასე იქნება თქვენი მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გამოსცადა ყველაფერი – დესტაბილიზაციაც, კონფლიქტებიც, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან, რუსეთთან და ომით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და შედეგი – რაც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ა.შ. ჩვენი გმირების გმირულად დაღუპვა ომში. ამიტომ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მობილიზება, სრული მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი აქტივისტების, ჩვენი მხარდამჭერების, იმისთვის, რომ ღირსეულად გაიმარჯვოს წალენჯიხამ, სამეგრელომ და მთელმა საქართველომ”, – ირაკლი ღარიბაშვილი
 ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში.
გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი რომ ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს, – კახა კუჭავა
წალენჯიხაზე როცა ვსაუბრობთ, აქ არის ადგილები, რომელიც ჩვენი ბუნების უნიკალურ მრავალფეროვნებას წარმოადგენს. ეს არის ადგილი, რომელიც გამორჩეულია როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი ძეგლებით. წალენჯიხაში გვაქვს ტობავარჩხლი და ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან გამორჩეული ბუნების მომავალში ორგანიზებულად დაცვაზე და ჩვენ ვაპირებთ ეგრისის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს როგორც სამეგრელოს – ეგრისის ქედს, ასევე სვანეთის დაცულ ტერიტორიებს. ეს იქნება უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც ერთის მხრივ ჩვენ დავიცავთ და შევქმნით ეკოტურიზის განვითარების პოტენციალ”ს, – ლევან დავითაშვილი
წალენჯიხა ჩვენთვის არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ულამაზესი კუთხეა, არამედ სტრატეგიული მუნიციპალიტეტია, ვინაიდან სწორედ აქ მდებარეობს საქართველოსთვის სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი „ენგურჰესი“, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ ეს არის ჰიდროსადგური, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან – ნათია თურნავა
მე მინდა ბატონ გოგაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. გულორდავა გოგა ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი რაიონი, ზეპირად იცის ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, რაც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. ამ ადამიანის უკან დგას ძლიერი გუნდი, ამ ადამიანის უკან დგას გამოცდილი გუნდი, ამ ადამიანის უკან დგას ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შეუძლია მას თამამად თქვას, რომ ყველა პრობლემას, ყველა იმ გამოწვევას ჩვენ ერთად გადავლახავთ და ამიტომ გოგას ალტერნატივა არ ყავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. – ირაკლი ზარქუა
 რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი, ზოგადად ქვეყანა, მაგრამ ერთი უმთავრესი, რამაც მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს არის, რომ მე მჯერა და მწამს ჩვენი ერთად ყოფნის, მჯერა და მწამს ჩვენი იმ საზოგადოების გონიერების, რომელიც არასდროს არ შემცდარა არჩევანში. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ერთად 2 ოქტომბერსაც სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და მომავალი დღიდან, 3 ოქტომბრიდან, ხელებდაკაპიწებული შევუდგებით ჩვენი წალენჯიხის ხვალინდელი დღის მშენებლობას. ეს იყო ჩემთვის მთავარი მოტივატორი, ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე და 2 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენი წალენჯიხა გაიმარჯვებს”, – გოგა გულორდავა

წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგახარია არის “მაზაკვალი” მოღალატე – ღარიბაშვილი