გოდოლაძე კობახიძეს: გონზე არ ხარ და მაინც ლაპარაკობ

თეა გოდოლაძე პრემიერის ბრალდებებს “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში პასუხობს – “გონზე არ ხარ და მაინც ლაპარაკობ” -თქვა გეოლოგმა ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.

გეოლოგი “ტვ პირველის“ ეთერში მყინვარის მონიტორინგზე და ექსპედიცების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ საკითხში დიდი პრობლემაა, რადგან ქვეყანაში დარგის სპეციალისტები, თითქმის, არ არიან.

ამასთან, თეა გოდოლაძე მთავრობის მეთაურის განცხადების იმ ნაწილსაც ეხმიანება, სადაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ “ყველა შესაბამისი მყინვარი მონიტორინგის სისტემით იქნება დაფარული”.

გეოლოგი პრემიერის საპასუხოდ პირდაპირ ამბობს, რომ “მყინვარები მონიტორინგის სისტემით არ იფარება”

კომენტარს კობახიძეზე არ გავაკეთებ, არ იცის, ამას ჰქვია, რომ გონზე არ ხარ და მაინც ლაპარაკობ, ან ვიღაც ისეთ რაღაცას გეუბნება, რომელიც არ უნდა ისაუბრო. მყინვარები მონიტორინგის სისტემით არ იფარება, წარმოუდგენელი რაღაცაა. ეს არასწორი ტერმინია და მან ეს არ იცის. მყინვარზე მონიტორინგი ხდება სხვადასხვა საშუალებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ექსპედიციები, სადაც დიდი პრობლემა გვაქვს და ვერანაირი შვეიცარიული კომპანია ამას ვერ უშველის.

დარგის სპეციალისტი უნდა იყო, ეს რომ გესმოდეს. მყინვარის მონიტორინგი არის საერთოდ სხვა სფერო და სამწუხაროდ, დარგის სპეციალისტები თითო-ორი ვიცი და ისიც საზღვარგარეთ. ამ ტიპის მონიტორინგი კი ვერ ხდება დისტანციურად. აუცილებლად უნდა გვქონდეს საველე ექსპედიციები, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოითხოვს.

მნიშვნელოვანია ლოკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს, უნდა შეგვექმნა წლების განმავლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ამას არ ვქმნით. სამეცნიერო მიმართულებით ინვესტირება არ ხდება და ხდება სამთავრობო უწყებების ინვესტირება, რაც არის არასწორი მიდგომა, მსგავსი პრობლემების პრევენციის კუთხით. რა იცის ბატონმა ირაკლიმ რა არის ინტრაგლაციალური ტბები. დიახ, ტბა იყო აგენტი, რომელმაც საპასუხისმგებლო როლი ითამაშა. ბევრჯერ გავაფრთხილე პრემიერი“, – განაცხადა გოდოლაძემ.

პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გეოლოგ თეა გოდოლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცრუ უწოდა. მისი მტკიცებით, უშუალოდ შოვის ტრაგედიის დღეებშიც კი, გოდოლაძის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, შვეიცარიელი პარტნიორების დახმარებით, სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიფორმულა: დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავის, „დონის როსტოვის“ ჩაძირვა შეძლეს