გოცირიძე – სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი სამართლებრივი გზა არსებობს, ხელისუფლებას არჩევანი აქვს, არ ინდომებს, მოვანდომებთ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი სამართლებრივი გზა არსებობს – შეწყალება, პარლამენტის მიერ ამნისტიის მიღება, უკრაინის ფაქტორის ამოქმედება, სტრასბურგი და აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ სააკაშვილის მიმართვა, ხელისუფლებას უამრავი არჩევანი აქვს, არ ინდომებს, მოვანდომებთ, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი სამართლებრივი გზა არსებობს – შეიძლება გათავისუფლდეს ერთ წუთში და ერთ თვეში. ამისთვის ფორმებია – შეწყალება, პარლამენტის მიერ ამნისტიის მიღება, უკრაინის ფაქტორის ამოქმედება, სტრასბურგი და ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ სააკაშვილის მიმართვა.

დიახ, სამართლიანი სასამართლო პროცესი უნდა იყოს უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. ხელისუფლებას უამრავი არჩევანი აქვს, არ აკეთებს, არ ინდომებს? – მოვანდომებთ. ამიტომ არსებობს პროტესტი შიგნით და გარეთ, აქციები და კიდევ ზეწოლის სხვა ფორმები. ყველაზე მარტივია შეწყალება, რაც დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე და არა – სალომე ზურაბიშვილზე. პრეზიდენტმა თქვა – არა და არასოდეს. ქალბატონო სალომე, არა თქვით თქვენ, არასოდეს ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს. არასოდეს თქვენ დაუმატეთ, შეწყალებით წასვლა მოგიწევთ, რადგან ეს კრიზისი ასე გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. ამ კრიზისში ქვეყანა ვერ გაძლებს. „ქართულ ოცნებას” 50-დღიანი შიმშილობისას რა ბედი ეწვია, კი ნახეთ – განათლებული და წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი არ დარჩა, რომელმაც ხელისუფლების პოზიცია დაიცვა. ერთი ექიმი ვერ მოიძებნა, რომელიც სახელისუფლებო ხედვებს დაიცავდა. მმართველმა გუნდმა მომხრეები დაკარგა. მეორე და მესამე 50 დღეში რა მოხდება? – ეს კრიზისი უნდა განიტვირთოს და მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინა სტატიაშისერგეენკო – დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, სავარაუდოდ ყველა უფრო მშვიდად იქნება