„ქართულმა ოცნებამ“ თავის დასაზღვევად ახალი ლეგენდა გამოიგონა, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნებაო, პირიქით, უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სირცხვილის ნატამალიც კი არ აქვს, როცა ამბობს, რომ 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შესრულდა.
„ევროპის გასაგონად ამბობენ, რომ ყველაფერი შესრულებულია, როცა ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ საპირისპიროს აცხადებდნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. ამას საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ და მათ ხელისუფლების მიმართ რა ნდობა უნდა ჰქონდეთ? სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ეს იქნება ხელისუფლების დანაშაული, რომელსაც იოტისოდენა დათმობაც არ უნდა, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს. სტატუსს თუ მივიღებთ, ეს იქნება მხოლოდ დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო „ასოცირებულ ტრიოს“ არ ჩამოსცილდეს და კიდევ მეტად არ დავშორდეთ ევროპას.
უნდათ, ზღაპრები მოიგონონ და თავს იზღვევენ, თუ სტატუსს არ მოგვცემენ. დღემდე ამას ოპოზიციას აბრალებდნენ, ახლა ახალი ლეგენდა გამოიგონეს – თურმე, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნება. პირიქით, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს. უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი. ეს განცხადებები მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ 12 რეკომენდაციიდან არაფერი შეუსრულებიათ. სტატუსს თუ მოგვცემენ, ეს იქნება ქვეყნისთვის ავანსად მიცემული, რისკების გათვალისწინებით, რათა რუსეთს ხელ-ფეხი არ გაეხსნას საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.