გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა

„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა. ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგული ვიყავით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე მოვედით და საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მივეცით, რაც საჭირო იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურება ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.

„გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიერ და როცა „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მთავარია ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის განვითარება. პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურება ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება და ქვეყნის ფინანსური დახმარება დამოკიდებული იქნება რეფორმებზე. 75 მილიონი ევროს საკითხზე ხაზგასმა მოხდა და ამით ქვეყანა დაისაჯა, ფაქტობრივად, ეს არის ევროკავშირის სანქცია. ხელისუფლების გადაწყვეტილებებით უკიდურესად შელახულია საქართველოს რეპუტაცია, რაც ქვეყნის მიმართ ნდობის დაკარგვას ნიშნავს, მათ შორის ინვესტორების მხრიდან. უცხოური ინვესტიციები 11 პროცენტით შემცირდა შარშანდელთან შედარებით, ქვეყანა კარგავს ნდობას და ეს ნიშნავს მეტ სიღარიბეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“აღარ მჯერა, თუ ოდესმე მოაგვარებენ ამ პრობლემას” – გონიოში ადგილობრივებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიასომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია