„ ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნელ-ნელა აცილებს ქვეყანას ევროპული ორბიტისგან“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
მისი თქმით, საგანგაშო იყო ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მონაწილეობა იმ ფორუმში, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
„ღირსების საკითხია, რომ როდესაც პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე და თანაც მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად, ალბათ სადღეგრძელოები ისმოდა მშვიდობასა და ჰუმანურობაზე. ამ ფორუმში არ მონაწილეობდა ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, გარდა ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა, რომელსაც ევროპაში უკვე სერიოზულად არ უყურებენ – ორბანისა. არ მონაწილეობდა დასავლეთის არცერთი სახელმწიფო. წარმოდგენილნი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები. მთავარი მონაწილეები იყვნენ: კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, რუსეთი, სერბეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი. ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი. სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან?“ – მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.