გოცირიძე – ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში

ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გოცირიძე ამბობს, არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის.

“12 რეკომენდაციიდან შესრულებული არ არის არც ერთი, ერთიც არ არის. რაც არის, არის ძალიან ზედაპირული და ფასადური. სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საერთაშორისო მდგომარეობაზე. პროგნოზის გაკეთება ძნელია. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება. ამიტომ ბუნებრივია, ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში. მომდევნო ხელისუფლებას მოუწევს იმ საკითხების გადაჭრა, რაც დგას. ამ ხელისუფლების პირობებში თუ სტატუსი იქნება მიღებული, ეს ხელისუფლებასთან არ იქნება კავშირში, რადგან სტატუსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე”, – განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეკემბრამდე დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ მიიღებენ და დალოდებიან ამოიღებს თუ არა რეკომენდაციებიდან ევროკომისია დეოლიგარქიზაციის პუნქტს.

“ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანა იმართებოდეს დემოკრატიულად, ოლიგარქები არ იყვნენ, არ იყოს არაფორმალურო მმართველობა და უკან ამ მოთხოვნას ევროკავშირი არასდროს წაიღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონით განისაზღვრება ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის მოსპობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშირიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაღუდუშაური – ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს – ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, პირდაპირ თუ ირიბად, წყალს რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს