გოცირიძე – გამახსენდა ანტიჰესური გამოსვლების ერთი ეპიზოდი – ახლა ქუთაისია “საფრთხეში”

“გამახსენდა ანტიჰესური გამოსვლების ერთი ეპიზოდი ეროვნული მოძრაობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს. ითხოვდნენ ჟინვალის ჰესის დაცლას. გადახედეთ მაშინდელ პრესას: “დამოკლეს მახვილი თბილისის თავზე”, “ჟინვალი რომ გასკდეს, პლეხანოვს 9 მეტრიანი ტალღა გადაუვლის”, “ჟინვალის კაშხალი ჟონავს”.
მერე ჩაბნელდა საქართველო და ჟინვალის დაცლაც გადაავიწყდათ. ახლა დენი თავზესაყრელად რომც გვქონდეს, ჟინვალს მაინც ვერ დავცლით. ჟინვალს ვსვამთ, თბილისის ზღვას ვსვამთ, არაგვს ვსვამთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის.

ახლა ქუთაისია “საფრთხეში”. ტალღა უფრო დიდი იქნებაო, 19 მეტრის სიმაღლის. შუშის პარლამენტს დაფარავსო.

გავიდა სამ ათეულ წელიწადზე მეტი. მამების საპროესტო ესტაფეტა შვილებმა აიტაცეს. როგორც მაშინ, “ერთ მუშტად” ( მუშტები ცუდა აქვს დაცდილი ქვეყანას), არის შეკრული საზოგადოება: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, მემარცხენე, მემარჯვენე თუ სულაც ორიენტირის არმქონე ინტელექტუალები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები. ეს ხალხი გააერთიანა ერთმა იდეამ, ოღონდ, რომ ჰკითხოთ, რა არის ეს იდეა, ყველასთვის სხვადასხვა რამ აღმოჩნდება.

გავა კიდე ერთი ოცდაათი წელიწადი. ამოიღებენ “სკივრიდან” ფოტოებს (შეიძლება ეს სკივრი იმ დროს უკვე ფრჩხილში ან სულაც თავში ჩასმული მიკროჩიპი იყოს). ზოგი იამაყებს, ზოგს შერცხვება, ზოგს გაუკვირდება. აი ისე გაუკვირდება, როგორც მე მიკვირს ახლა, როცა ვუყურებ ხოლმე სკივრიდან ამოღებულ იმ ფოტოებს, რომელშიაც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი პროცესებია ასახული. ფაქტობრივად, არ ყოფილა არცერთი მოვლენა, რომელშიაც ამა თუ იმ ფორმით არ ვყოფილიყავი ჩართული. ძალიან ბევრი რამ მეცნობა, როგორც იტყვიან, “სხეულით ვგრძნობ” ხოლმე.

ასე წვალებ-წვალებით, არა ერთი და ორი ათეული წლის შემდეგ, დავემსგავებით რაღაცას, აი ისეთს, ევროპაში რომ მოგვწონს, ოღონდ ჩენთვის რომ არ გვინდა თუ ჩვენთვის ჯერ რომ ადრეა. ერთ სულზე მშპ-ც ცოცვა- ცოცვით გაიზრდება ( ამაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აზრები თავებში), დენიც გვექნება მრავალწყაროიანი ( დაახლოებით 10-15 პროცენტი ქარისაც და მზისაც ოცდათიოდე წლის შემდეგ). მოკლედ, რაღაცას დავემსგავსებით.

ახლა კი ისა ვართ რაცა ვართ რესპუბლიკის მოედანზე-ღარიბები ( მრავალმხრივად) და ამაყები. ოღონდ აქაც, რომ ჰკითხო ახლა, რა არის საამაყო, ყველა მხარეს თავისი ახსნა ექნება და არცერთი დაემთხვევა ერთმანეთს ” – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა