გოცირიძე – ეროვნული ბანკი რომ ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს, ამას უკვე მივეჩვიეთ

“ეროვნული ბანკი რომ ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს, ამას უკვე მივეჩვიეთ. ყოველთვის მერყეობს, ფიქრობს, იქნებ თავისით გამოსწორდესო, ეს კი არ ხდება და მერე ფაცი-ფუცით იღებს ზომებს. ეს “რეზერვების გაფრთხილების” პოლიტიკა მისი კიდევ უფრო მეტად ხარჯვად უჯდება.

ახლაც აგვიანებს. ლარი შეუდგა გაუფასურების გზას. კვლავ უკან მიდევნებულ ლამპარს ვიხილავთ. მოუწევს იმაზე მეტი უცხოური ვალუტის დახარჯვა, ვიდრე წინმსწრებად, პრევენციული ზომებით შეიძლება მომხდარიყო.

ეროვნული ბანკის რეზერვები 4,3 მილიარდი დოლარია. შარშანდელ ამავე პერიოდთან შედარებით 800 მილიონი დოლარით მეტი. პარადოქსია ხომ, ეკონომიკის ექვსპროცენტიანი შემცირებისა და ტურიზმიდან 3,3 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ? სინამდვილეში საქმე მარტივ არითმეტიკასთან გვაქვს: მთავრობამ ბიუჯეტისთვის აიღო სესხი ( გრანტიც) ორ მილიარდ დოლარამდე შარშან და მიმდინარე წელსაც, ბიუჯეტიდან დოლარებით ხომ ვერ გასცემდა პენსიებს და ხელფასებს, გადაახურდავა ეროვნულ ბანკში და მიღებული ლარები მიუშვა მიმოქცევაში. ამის განეიტრალების ( სტერილიზაციის) ერთადერთი გზა არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა “უშრომელად” მიღებული დოლარები გაყიდოს ( ინტერვენცია) და ჰაერიდან შექმნილი და მთავრობისთვის მიცემული ლარები უკან ამოიღოს. ამას აკეთებს კიდევაც, ოღონდ არასწორად, არადროულად და ვირეშმაკულად: უნდა ლარიც დაიჭიროს და რეზერვებიც გაზარდოს. ლარის რაღაც კურსის ფარგლებში ეს გამოსდის, ოღონდ ეს კურსი საბაზრო კი არ არის, არამედ მის მიერ დადგენილი, ანუ არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის პრინციპით მართული. არ გამოუვა ეს, ორივეს დაწვავს.

ასე, რომ დროზე ინტერვენცია, 40 მილიონი დოლარის ოდენობით ( რატომ 40, თავად რომ არ იცის და სულ რომ ერთსა და იმავეს იმეორებს).

ასეთი გაჯანჯლებით წელს 900 მილიონ დოლარამდე ინტერვენციის განხორციელება მოუწევს, გონივრულად მოქმედებით-უფრო ნაკლების. ფასების ზრდაც ამაზე იქნება დამოკიდებული”- წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიალუდა ღუდუშაური – ვფიქრობ, საპროტესტო აქცია ჩატარდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში
შემდეგი სტატიადავით ფაცაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა