გოცირიძე: ელჩებმა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ელჩებმა, ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს.

მისი თქმით, ელჩებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ შეასრულონ პირობები, ანუ გამოუშვან „პოლიტპატიმრები“.

„ხელისუფლებამ იძულებული გახადა ელჩები, რომ გაეკეთებინათ პირდაპირი, არაორაზროვანი და არადიპლომატიური განცხადება. ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში. განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ, რომ შეასრულოს პირობები. ანუ, გამოუშვან „პოლიტპატიმრები“. ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

როგორც ელჩები აღნიშნავენ, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ აღარ გამოუვა მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება