გოცირიძე – დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა

“ნამახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის – წერს რომან გოცირიძე ჰესის ჩავარდნილ პროექტთან დაკავშირებით. გოცირიძის შეფასებით, ეს იყო შანსი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, თუმცა გოცირიძის თქმით, არაკომპეტენტური მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს, ქვეყანა ისევ რუსეთზე იქნება დამოკიდებული:

ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, ხადორი (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმედება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.

რუსეთი, შავბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტები, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.

“ნამახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის. ეს პროექტი ანაკლია 2-ად იქცა. “ნამახვანი” იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.

დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ ენგურის ჰიდროელექტოსადგურში დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.

უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.” წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიწითლიძე – ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა