გოცირიძე – აიძულო პარტიები, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული

ეს შეიძლება განვიხილოთ შანტაჟის ფორმად და ტაქტიკურ ნაბიჯად, მაგრამ ეს სცდება დღეს წარმოქმნილი კონფლიქტის შინაარსს – მან შეიძინა საგანგაშო სახე, ვინაიდან არ არის ერთჯერადი და ეს ნორმები იარსებებს მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მანდატებზე უარის მთქმელი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, აღნიშნული კანონპექტი შესაძლოა, უპრეცედენტო იყოს და მას სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. როდესაც იზღუდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და როდესაც იზღუდება კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქისა თუ პოლიტიკური გაერთიანებისა, გამოხატოს პროტესტი ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის პარლამენტის მუშაობაში ბოიკოტის სახითაც. აიძულო, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში პარტიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული. ამიტომ ამას მოყვება სერიოზული საერთაშორისო რეაგირება და შეიძლება ეს იყოს უპრეცედენტო კანონპროექტი და ეჭვი მეპარება, მსგავსი რამ არსებობდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით – ევროკავშირში, სადაც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორედ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების დაცვა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დაფინანსების საკითხი პარტიების პარლამენტში მუშაობასთან მიბმული არაა. მისივე თქმით, ეს არასწორია და არ შეესაბამება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას.

„მაგალითად, გერმანიაში 5%-იანი ბარიერია, მაგრამ დაფინანსებას ღებულობენ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ანუ ღებულობენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ მუშაობენ. დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო მუშაობასთან, დაფინანსების ერთ-ერთი ფორმულა არის მისი მიბმა ხმასთან. შესაძლებელია, სხვა ფორმულაც ყოფილიყო გამოყენებული.

საქართველოშიც იყო ბარიერი 5%, თუმცა დაფინანსებას ღებულობდა პარტიები, ვისაც არ ჰქონდა 5% გადალახული და არ მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში და დაფინანსების მისაღებად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იყო. ასე რომ, დაფინანსების და საპარლამენტო მუშაობის ერთმანეთთან მიბმა არასწორია და არ შეესაბამაება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას. საბოლოო ჯამში, ასეთი კანონპროექტებით პოლიტიკური პარტიები ხდებიან ბიზნესის და ოლიგარქების მძევლები, ვინაიდან დაფინანსებას მოკლებული პარტიების საკანონმდებლო შემკვეთი იქნებიან ფულიანი ადამიანები. გვახსოვს, შევარდნაძის პერიოდში ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონპროექტები იყიდებოდა და თითოეული მუხლის შესცვლას თავისი ე.წ. სტავკა ჰქონდა. ბიზნესი ყიდულობდა საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეს კი ფაქტობრივად მთელი ბიზნესის მესაკუთრეების ქონება ერთად აღებული ვერ შეედრება ივანიშვილის ქონებას და ბუნებრივია, პარტიების ერთადერთი დამფინანსებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ფაქტობრივად იყიდის პარტიებს, რაც სერიოზული დარტყმაა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების საქმეში და ძალიან სერიოზული უკუდახევა“,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაუგულავა კობახიძის განცხადებაზე – ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი