გოცირიძე – ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს

“ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს”- ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს. მილიონობით წელი დასჭირდა იმ გენიოსი ჩვენი წინაპრის დაბადებას, რომელიც მოკლული ცხოველის ტყავისგან თბილ ბოტებს დაამზადებდა. თავისი დროის ნობელის ლაურეატი იქნებოდა აუცილებლად.

საცხოვრებელი ადგილის გათბობა პრეისტორიულ ხანაში კი არა, ახლაც დიდი პრობლემაა ბევრგან. სითბო პრივილეგირებულობის, ფუფუნების სიმბოლო იყო.

ადამიანის სახეობაში გენეტიკურად დაპროგრამებულმა მახსოვრობამ და წარსულის განცდებმა ჩვენს სალაპარაკო ენაშიც მოიკიდა ფეხი. თბილად მოკალათდა, თბილ სკამზე ზის, გაუტკბა სითბოში ყოფნა და სხვა ”თბილი” გამონათქვამები დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც მძლავრად გამოიყენება. ისეთ რამეებს აიგივებენ სითბოსთან, რომელიც ტემპერატურასთან არც არის დაკავშირებული. მაგალითად, ახლა მოდურია გამონათქვამი: ”სხედან პარლამენტში თბილ სკამებზე”. ეს გრძელი შესავალი სწორედ პარლამენტში თბილად მოკალათებას ეხება.

მოდით, ობიექტურები რომ ვიყოთ, ვიღაცისთვის პარლამენტის სავარძელი მართლაც შეიძლება იყოს თბილი, როცა საკუთარ ბიზნესს ლობირებს, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის გამო უკანონო უპირატესობას მოიპოვებს და აიწყობს საქმეს, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იმათ მივმართავ, ჩვენი წინა თუ სხვა მოწვევის პარლამენტში მუშაობის ეფექტიანობის რევიზია რომ წამოუწყიათ, რატომ არის ოპოზიციონერი დეპუტატისათვის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?! მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი ძალას არ იშურებს მაგიდასთან მუშაობით, ტრიბუნასთან მუშაობით, პარლამენტის მისადგომებთან, ქუჩაში მუშაობით, სხდომათა დარბაზში რბილ სავარძელში მჯდომიარე მუშაობით, მედიასთან მუშაობით. რა სითბოს ღებულობს სანაცვლოდ? სითბო ერთადერთია-თუ ამ შრომას ხალხი ქვეყნისათვის მსახურებად ჩაგითვლის და არა მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებად. პირადი რომ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მგონია, რომ გონიერი ადამიანისათვის ეს სადავო იყოს. პირადი, გარდა მატერიალურისა, სულიერი კმაყოფილების განცდაა, როცა იცი, რომ აკეთებ კარგ საქმეს, აკეთებ იმას, რაც სხვებზე არანაკლებ ან სულაც უკეთესად შეგიძლია რომ გააკეთო.

ესაა პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც წინა მოწვევის ”თბილ” პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ ხოლმე.

ერთიც პირადული: მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი, ვიდრე ვიღებდი. დიდ პლიუსში ვარ აქტივების და პასივების ბალანსში.
ჩაო!,”-წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ოპონენტებს, თვალი გაუსწორონ სიმართლეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ანალიზი არ არის მეუფე იაკობის ძლიერი მხარე, დაკავდეს იმ საქმით, რომელიც მას ეხერხება – თარხნიშვილი