გოჩა სვანიძე: ზურაბ ჭანკოტაძის დაკავების მთავარი მოტივი პოლიტიკას უკავშირდებოდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძის დაკავების მთავარი მოტივი პოლიტიკას უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჭანკოტაძე არც პოლიტიკოსი ყოფილა და არც რომელიმე პარტიის წევრი. ამის შესახებ 2030-ს ჭანკოტაძის ადვოკატმა, გოჩა სვანიძემ განუცხადა.

„ეს იყო, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დარგის მიმართ მოჭარბებული ინტერესი. ეს იყო გიორგი კარბელაშვილი პირადი აქტიურობის შედეგი. ის დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე გადადგა, მაგრამ ეს არ აკმარეს და დააპატიმრეს“,-აღნიშნა სვანიძემ.

მისივე თქმით, ჭანკოტაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, რადგან განაჩენში მისი დაკავების არანაირი დასაბუთება არ არსებობდა.

„სწორედ ეს გავასაჩივრეთ სტრასბურგში. სტრასბურგის სასამართლოს 2005-2006 წლებში მივმართეთ. 2008 წელს, 4-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ჭანკოტაძე გამოვიდა ციხიდან. 2011 წელის ივნისში სტრასბურგმა მოგვწერა, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე გახდებოდა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. ამასობაში ჭანკოტაძევ გარდაიცვალა, თუმცა მთავარია, რომ გადაწყვეტილება არსებობს. მისი შვილისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე გადაწყვტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჭანკოტაძის სისხლის სამართლის დევნის შედეგად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს არამეტარიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე საქართველოს დაეკისრა 15 ათასი ევროს გადახდა ხარჯების კომპენსაციის სახით. ზურაბ ჭანკოტაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას 2002 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე იკავებდა. ჭანკოტაძე 2004 წლის მარტში უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

ზურაბ ჭანკოტაძე 2013 წლის 7 იანვარს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს სამოქალაქო ავიაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ზურაბ ჭანკოტაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი იყო. მის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხოდ გამოყვანა.

banner
წინა სტატიაში”საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე მოწმეს: რატომ გამორიცხავთ, რომ ფანჯრიდან გადმოსულიყო ვინმე