გოჩა მირცხულავა : შემოდგომაზე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება…

რატომ მოუწევს მთავრობას გადადგომა, რატომ ვერ გადაიფარება ანტისაიკუპაციო მოძრაობა, რატომ ამჯობინა დუმილი მამუკა ხაზარაძემ? _ ამის შესახებ ,,ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

_ სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ, რომ პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა, ,,დამოუკიდებელმა” ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს ,,ოცნებას” ამუნათებენ რუსთავი 2-ის საკითხში, საკუთარი ინტელექტუალური ფიასკო უნდა აღიარონ. რატომ გგონიათ, რომ მათ ფიასკო განიცადეს?

_ როდესაც საზოგადოება, გნებავთ სახელმწიფო, რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაშიც რამდენიმე წლის წინ იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ის პრობლემები აღმოფხვრილიყო, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა.
მოდით, მედიასეგმენტში შევხედოთ ამ ვითარებას. ჩვენ რატომღაც არ გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ქართულ მედიაში 2004-2006 წლებში, როდესაც იქ სერიოზული გადანაწილებები მოხდა.
სამაგიეროდ, მეტნაკლებად უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა 2010-2011 წლებში. მაშინ დღევანდელი ხელისუფლების წევრები და ისინიც, ვინც ამ დროისთვის ,,ოცნებას” ჩამოშორდა, გაიძახოდნენ, რომ მედიაგარემო არის უზურპირებული.
მაშინდელი ხელისუფლება აკონტროლებდა რუსთავი 2-ს, ტელეიმედს და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მართავდა. ოპოზიციონერებს და ექსპერტებს მაშინ მხოლოდ კავკასიის და მაესტროს მეშვეობით შეეძლოთ საზოგადოებასთან დალაპარაკება.
სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ მოახდინა მედიასივრცის უზურპაცია. ვიღაცები გაჰყვირიან, რომ დაიხურა თავისუფალი სიტყვის ერთადერთი ფორპოსტი. თავად ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი მთელი ეს წლები გამუდმებით გაიძახოდნენ, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი მხოლოდ და მხოლოდ რუსთავი 2-ია.

უკაცრავად, მაგრამ ,,ახალი თაობა” რატომ არ არის თავისუფალი სიტყვის გარანტი? იმიტომ, რომ წაკითხვა უჭირთ. ასე არ შეიძლება.

_ მართალი ხართ, საქართველოში ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა.

_ რა თქმა უნდა. ეს მედიასაშუალებები არანაკლებ იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მედიაექსპერტები და ოპოზიციის ნაწილი რატომ არ ახდენდა და არ ახდენს ამ მედიასაშუალებების პოპულარიზაციას. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი მაუწყებლები მიეჩვივნენ ჩვენი ექსკლუზივების მოპარვას და მათ გადამუშავებას. ეს იმპერატიული დასკვნა, რომ მე ვარ ერთადერთი, მიუღებელია.
რუსთავი 2 მართლაც არის გარკვეული ფენომენი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა, მიდიოდა წინ, უშვებდა შეცდომებსაც. იმ ხალხს, რომლებიც წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მებაირახტრეები იყვნენ, ძალიანაც ნუ გაუკვირდებათ, რომ თურმე რაღაც ხდება რუსთავი 2-ში.
ნახევარსიმართლით ჩვენ შორს ვერ წავალთ. მინდა ვკითხო რესპუბლიკელებს და ,,თავისუფალ დემოკრატებს”, ახლა რომ თავგამოდებით იცავთ ამ ტელეკომპანიას, 2012 წლამდე მის ლანძღვაში რატომ იყავით?

_ 2012 წლების მერეც ლანძღავდნენ. ეს არხი მხოლოდ მაშინ დააფასეს, რაც ისინი ოლიგარქმა კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” მოკვეთა.

_ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, რუსთავი 2 ტენდენციური იყო, ხოლო როცა იქედან წამოვიდნენ და ფანჯარა დასჭირდათ, აღნიშნული ტელეკომპანია დემოკრატიის შუქურა გახდა? ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ გვღუპავს შემთხვევით?

შეიძლება ცუდად გამომივიდეს რასაც ვიტყვი, მაგრამ შესაძლებლობა რომ მქონდეს, სულ თავ-პირს დავამტვრევდი ქიბარ ხალვაშს.

_ ხალვაშს რას ერჩით?

_ რას ვერჩი და რაზე აქვს საერთოდ პრეტენზია. მართლა ოქრუაშვილის ხელის ბიჭი იყო, მაგრამ თავის დროზე ბატონმა ოქრუაშვილმა სააკაშვილთან ერთად რატომ აახია რუსთავი 2 აქიმიძეს, დვალს და კიწმარიშვილს? თუმცა მაშინ მეტნაკლებად კეთილსინდისიერად მოიქცნენ, პატარა ფული მაინც მისცეს.
ისიც ვთქვათ, ხალვაშს როგორ აახიეს შემდგომმა მფლობელებმა? რაიმე კაპიკი გადაუხადეს? ასეთი ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი არ მომწონს.
ჩვენ, მედია, უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ ექსკლუზივი კი არ არის შინაარსი, არამედ ფორმა, შინაარსი და ანალიზი. არავის არ სჭირდება ინტერპრეტირებული ფაქტები, საკმარისია აგრესია!
ჩვენ 30 წელია აგრესიის რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს აგრესია რაღაცნაირად უნდა მინელდეს. თუ აგრესიის მონელებას ვერ მოახერხებენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, მაშინ საზოგადოებას დარჩება მხოლოდ ორი გზა. ან ეს აგრესია უნდა გამოუშვას გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს შეაკლავს თავს და ბოლოს გადარჩენილებს მაგიდასთან მოუწევთ დაჯდომა და დალაპარაკება.
მეორე გზა გახლავთ ის, რომ ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას და მოახდენენ თვითმარგილებადი ძალებიდან დისტანცირებას.
დიდი ბოდიში, მაგრამ როცა გვეუბნებიან რუსთავი 2 არის თავისუფალი სიტყვის ერთადერთი გარანტიო, სააკაშვილის დროს ვინ იყო თავისუფალი სიტყვის გარანტი? ის ჟურნალისტები ხომ არა, რომლებიც მერე ეკრანებს არ გააკარეს, მოიშორეს და წინადადებებიც კი არ დაასრულებინეს?!
ან იქნებ ის გამოცემები იყვნენ თავისუფალი სიტყვის გარანტები, რომლებიც წლებია, სტაბილურად ემსახურებიან სიმართლეს და დღემდე დგანან ობიექტურობის სადარაჯოზე.
ასეთი განცხადებებით რისი დამტკიცება უნდათ, რომ რუსთავი 2 თუ არ იქნა, თავისუფალი სიტყვა არ იქნება საქართველოში? ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვეუბნებიან, რომ რუსთავი 2-ის გაჩერებით დაიღუპება საქართველო, წლების წინ პირდაპირი ეთერებით გვეუბნებოდნენ _ დიახ, ჩვენ არ ვკითხულობთ ქართულ გაზეთებს. აცხადებდნენ, ჩვენ არ გვაინტერესებს ქართული საინფორმაციო სააგენტოები. ჩვენ მხოლოდ სიენენი და ბიბისი გვაქვს ჩართული.
ეს ხომ არ არის ის წრე, რომელიც ამ ხალხმა თავის დროზე ძალადობრივი ქმედებებით შეკრეს. ივანიშვილზე თუ ვილაპარაკებთ, პელე ყოფილა ნამდვილად.

_ ივანიშვილის პელეობა რაში გამოიხატება?

_ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლა ძალით არავისთვის წაურთმევიათ მედიასაშუალებები. მაესტრო გაყიდეს მეპატრონეებმა, იმედი კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს სასამართლო წესით. რუსთავიც სასამართლომ დაუბრუნა ხალვაშს. ვსვამ კითხვას, სად არის ძალადობა.
ამავე დროს, არსებობს პოლიტიკური ეჭვები და ამას არავინ უარყოფს. ეჭვებთან ერთად არსებობს პოლიტიკური მეხსიერებაც.
გაბრაზებული იცით რაზე ვარ, რომ ამ ორმაგი სტანდარტით, ინტელექტუალური ატროფიის პირობებში ეს ქვეყანა იქამდე მივიყვანეთ, რომ დეჟავიუ გაგვიჩნდა. ვიცით, რომ იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2 კვლავ ხელისუფლების სამსახურში იქნება.

_ წარსულში დაბრუნებამ შემთხვევით ხომ არ გადაფარა ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც რუსთაველზე მიდის? ანტისაოკუპაციო მოძრაობა მაქვს მხედველობაში. ამ აქციებზე თითქმის არავინ აღარ იღებს ხმას.

_ არა მგონია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა რამემ ან ვინმემ გადაფაროს. ის მოძრაობა, რომელიც ახლა მიდის, აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი. ეს მოძრაობა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკურად გავიზარდოთ.
ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ჩემთვის არაა ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები. არ ვიცი, რა ფორმით გაგრძელდება ეს ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება იძულებული გახდება, მთავრობის შემადგენლობა შეცვალოს.
ეს არის ჩემი ხედვა. მიმაჩნია, რომ მუდმივად ამ რეჟიმში ხელისუფლება ვერ იცხოვრებს. იქ, ზემოთ ვიღაცა მიხვდება, რომ ეს გოგო-ბიჭების ჟრიამული, რომელიც ზოგიერთს ცეკვა-თამაშად ეჩვენება, სულაც არ არის ცეკვა-თამაში და გახლავთ პოლიტიკური აქტი, რომელსაც ახალგაზრდები ასე ახორციელებენ.
მესმის, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა შინაარსობრივად უფრო სხვა მოცემულობის მატარებელია და ამ მთლიან კომპონენტს მოწოდება _ გახარია გადადექი _ აზიანებს.

_ რატომ აზიანებს, გახარიას წასვლით დეოკუპაცია არ მოხდება?

_ ანტისაოკუპაციო მოძრაობა და გახარიას გადადგომა სრულიად სხვადასხვა რამეებია. ამ აღმატებულ იდეას ეს პერსონიფიცირება ზიანს აყენებს.
ასევე მინდა ამ აქციის სიმბოლოზე _ ერთ თვალზე აფარებულ ხელზეც ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მისტიკაში გადავარდნა არ მინდა, მაგრამ სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ.
მე მესმის, რომ თვალზე ხელის აფარება სიმბოლო მას შემდეგ გახდა, რაც აქციაზე ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს, მაგრამ თვალახვეული პერსონაჟი ანტისაოკუპაციო აქციის სიმბოლოდ არ გამოგვადგება.
დღეს საქართველო ისეთ სიტუაციაშია, რომ ცალი თვალით კი არა, ორს ერთი უნდა დავამატოთ და სამი თვალით ვიყუროთ. სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მათთან ცოტა ფრთხილად ვიყოთ.
ამ ახალგაზრდების ადგილზე მე მესამე თვალსაც მივიხატავდი იმის მადემონსტრირებლად, რომ რაც არ უნდა გვესროლონ, ვერაფერს დაგვაკლებთ. ცალ თვალზე ხელაფარებული პერსონაჟი ენერგეტიკულად ძალიან ცუდი და სახიფათოა.
ანტისაოკუპაციო აქციას რუსთავი 2-ის თემა ვერაფრით გადაფარავს. ის გაგრძელდება და უფრო აღმატებული იქნება. და სულ არ ექნება მნიშვნელობა იმას, თუ ვინ მიიწერს ამ გამარჯვებას საკუთარ თავზე.
შემოდგომაზე მთავრობა თუ შეიცვალა, ეს იქნება ანტისაოკუპაციო აქციის დამსახურება და `ოცნების~ მიერ გადადგმული ერთადერთი გონივრული ნაბიჯი. რადგან ისინი შეძლებენ გაზომონ ახალგაზრდების ენერგეტიკა და პულსი. ამავე დროს ეს არ იქნება მათ მიმართ კაპიტულაცია.
შედეგის დადგომის შემთხვევაში ახალგაზრდებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მონაპოვარი არ უნდა შეაფასონ, როგორც ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კაპიტულაცია.

_ ისევ რუსთავი 2-ს დავუბრუნდეთ. ზემოთ გვითხარით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასზე კონტროლს ხელისუფლება დაამყარებს, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის პრობლემა არ იქნება.

_ საქართველოში თავისუფალი სიტყვა აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება. რუსთავი 2 იყო ამ ფრონტზე ძლიერი იარაღი, მაგრამ არა ერთადერთი. თავისუფალი სიტყვა რომ არსებობს, ამაში ფასდაუდებელია მედიაგამოცემების წვლილი, რომლებიც წლებია ობიექტურობის სადარაჯოზე დგანან.
უკაცრავად, მაგრამ ,,ახალ თაობაში”, ,,ქრონიკა +”-ში, ან ,,თაიმერსა” და ,,ნიუპოსტში” გამოქვეყნებული ექსკლუზივები რითი აკნინებს თავისუფალ სიტყვას. ჩვენ საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სამოქალაქო ჟურნალისტიკა წინა პლანზეა წამოსული. სოციალური ქსელები ნებისმიერ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს სამოქალაქო ჟურნალისტი.

_ ამ სამოქალაქო ჟურნალისტებისგან ხშირად ძალიან მაგარი ექსკლუზივები გაგვიგია.

_ კი, ხშირად მაგარ ექსკლუზივებსაც გვაწვდიან. ძუკნურის საინფორმაციო პორტალმა შეიძლება მსოფლიო დონის ექსკლუზივი გააძროს და ის რატომ არ უნდა იყოს პირველი მედიასაშუალება იმ პირობებში.
ამიტომ იმის ძახილი, რომ მე ვარ შენზე აღმატებული, სოლიდარობის მომენტებს კარგავს. ამას მე გაბრაზებული კი არ ვლაპარაკობ, ამას ვამბობ იმიტომ, რომ ვიცი _ კორპირატიულ ბრძოლას მარტო ერთი ადამიანი ვერ მოიგებს.
აქვე ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, ეს როგორ ხდება, ქართული პოლიტიკის ამომავალი მზე, დასავლურ-ლიბერალური ღირებულებების კორიფე, ოპოზიციური პარტიებისა და გაერთიანებების იმედი, მისი ყოვლადუბანკირთუხუცესობა _ მამუკა ხაზარაძე რუსთავი 2-ზე ენას რომ არ ასველებს.
რაც მის ჩაგრულობაზე მედიამ და გნებავთ რუსთავი 2-მა ვენები გადაიხსნა _ მდუმარებით უხდის სამაგიეროს, თუ მდუმარებით გამოხატავს სოლიდარობას? არა და სექტემბერში პოლიტიკაში მოდის საზოგადოებრივი შარა-გზით…
ისე, ბანკირის რობინ ჰუდობას რომ იჯერებს, ის ხომ ბრიყვია, მაგრამ ხალხს რომ აჯერებს, მაგას ყველამ თავისი სახელი დაარქვას. თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს კაცს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მის მოწოდებას რომ წაიკითხავ, გაპრავებას მოისმენ, ,,მომკლეს ბაბუ” და მაინც მიესალმები. აჰა, მიმსალმებლებს და განსაკუთრებით რუსთავი 2-ს, მისი პოლიტიკური პრეზენტი ,,ნავაროჩენი” კადრებით რომ წარმოადგინა, ხომ დაუფასა უკვე…
ცხადი ხდება _ ქართული პოლიტიკური სპექტრისა და მედიის ნაწილი დემენციით დაავადდა.

 

ავტორი :  შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანების ვაჭრობის ბრალდება – 4 შვილის დედა დასთან ერთად დააპატიმრეს
შემდეგი სტატიახობის რაიონში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს