გოჩა მირცხულავა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესებო,

იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ჩაკეტილ სისტემასთან და საეკლესიო ტახტისთვის ბრძოლის უკიდურესაც ველურ და ამაზრზენ მოვლენასთან, მომიწევს საჯაროდ მოგმართოთ:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კულუარებში გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის კარგად არის ცნობილი, რა ახალი სკანდალი მზადდება ეკლესიის წიაღში.
ერთის მხრივ, ადამიანმა რომ იფიქროს, ღირსნიც კი ხართ ამისი, რადგან უმეტესმა თქვენგანმა უკიდეგანო სიძულვილი და ადამიანების კუდიანებად შერაცხვა დაისახეთ ეკლესიის უმთავრეს მიზნად, პირადი კომფორტის უზრუნველყოფის პარალელურად. ღმერთი აქციეთ უსიყვარულო „არსებად“ და მისადმი შიში კი ქრისტიანობის საზრისად. დაგავიწყდათ, რომ ვინც მახვილი აიღოს მახვილითვე განიგმირება.
მაგრამ რამდენად სასარგებლო იქნება ეკლესიისთვის იგივე სცენარის განმეორება, რაც მოხდა გასული საუკუნის 70-იან წლებში? და, ცალკე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არაფერს ახალს არ „გვთავაზობენ“, უკვე გათამაშებული სცენარის გარდა, იქნებ უფრო მეტად მოუხმოთ გონიერებას, ვიდრე ამ თამაშში ჩაერთვებით.
ნუ მიიღებთ კვლავ სირაქლემის პოზას, ვითომ ვერ ხვდებით რაზე ვსაუბრობ. ცხადია, რომ ის მოვლენები, რომელც ეკლესიის საზიანოდ ახლა ვითარდება არ მომდინარეობს თქვენს მიერ „ეკლესიის მტრებად“ შერაცხული ადამიანებისგან და ისიც ნათელია, რომ ამას თქვენი ჩრდილოელი ძმების საეკლესიო ემისრები აკეთებენ.
„მოწმეები“, რომლებიც მზად არიან ალაპარაკდნენ და ის ვიდეოფირები თუ სხვა დოკუმენტები, რაზედაც მიდის საუბარი, ჩვეულებრივი მოკვადავებისთვის ხელმიუწვდომელია – ესეც კარგად მოგეხსენებათ. სულაც არ მიმაჩნია, რომ ამ ყოველივეს აფიშირება – ეპისკოპატის ნაწილის დაშანტაჟება, ეკლესიის განწმენდისთვის იყოს აუცილებელი და შედეგიანი. ცხადია, ეს ხდება „ტახტისთვის“ ბრძოლის ფარგლებში ხმების მისაღებად და წარსული „დიდების“ დისკრედიტირებისთვის.
შესაბამისად, მოგმართავთ მართლაც გულწრფელი რჩევით და გნებავთ თხოვნით: ნუ ელოდებით ვითარების აფეთქებას, რაც ზიანს მიაყენებს ყველას და პირველ რიგში ეკლესიას. მოიწვიეთ სინოდის სხდომა, რომელიც იმუშავებს თუნდაც 5 დღე, ერთი კვირა და გადაწყვიტეთ ყველა მტკივნეული საკითხი. შექმენით ახალი მართვა გამგეობის დებულება, სჯულის კანონისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონების შესაბამისად, რომელიც აბსულუტურად იგნორირებულია არსებულ დებულებაში. შექმენით საეკლესიო სასამართლო. იმსჯელეთ და მოაგვარეთ ყველა პრობლემა. შეხედეთ იმას, თუნდაც რა ხდება სემინარიაში, რამდენმა ადამიანმა მიაშურა მის კედლებს განათლების მისაღებად და მიხვდებით საით მიექანება ეკლესია არსებულ ვითარებაში.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესძლებს გაემიჯნოს პრობლემას, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული ეკლესიის თავზე – ცდება. მიიღეთ „ქირურგიული“ გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, ჩადექით საქართველოს ეკლესიის სამსახურში და განაგდეთ საკუთარი თავიდან მონური მორჩილება. მესმის, ბევრ თქვენგანს ეშინია. მაგრამ ეს არის თქვენი ჯვარი და შანტაჟზე და შიშზე გამარჯვებაც არის შესაძლებელი. თუ ერთმანეთს ვერ გაუგებთ და არ დაინდობთ, როგორ შესძლებთ გაუგოთ ცოდვილს, რომელიც აღსარებაზე მოდის თქვენთან? გააღეთ ეკლესიის კარები ყველასთვის, თქვენს მიერ თავსმოხვეული კლიშეების გარეშე. თქვენ გადაეჩვიეთ დიალოგსა და მოსმენას, თქვენთვის ჯერაც უცხოა პლურალიზმი. ამიტომ, რაოდენ დიდი ძალიხმევაც არ უნდა დაგჭირდეთ, აჯობეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს მოუსმინეთ. შეეცადეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოხვიდეთ ღისრეულად შექმნილი მძიმე ვითარებიდან.
გიმეორებთ – ნუ მიიღებთ სირაქლემის პოზას. პრობლემაზე დუმილით და მისი გადავადებით პრობლემას ვერ მოაგვარებთ და მთელი ცხოვრება მოგიწევთ ნაღმზე ყოფნა, მთელი ცხოვრება მოგიწევთ შანტაჟის მორჩილება.
შევეცადე ძალიან დელიკატურად მეთქვა სათქმელი და გადასარევად ხვდებით რაც ვთქვი. ამიტომ, ახლა იმ რამოდენიმე ეპისკოსპოსსაც მივმართავ, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან „ღილაკზე თითის დაჭერას“ და ვითარების აფეთქებას: ჩვენ ვიცით თქვენი მოტივი. ამიტომ, ნუ ფიქრობთ და ნუ ხართ დარწმუნებულნი, რომ გადარჩებით. მხილება მერე ნახეთ(!).
ჩვენ, ადამიანებს, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიაზე, გვესმის, რომ ეკლესია არის ამ საზოგადოების ნაწილი თავისი მანკიერებებით, ღირსებით. ზუსტად ისეთივე, როგორც ვართ ჩვენ. თქვენ მოგეთხოვებათ სრულიად სხვა მორალური სტანდარტი, თუმცა ადამიანური სუსტსტეებიც გვესმის და არავინ მოგსდევთ არც ცულით და არც ნაჯახით. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ დაუყოვნებლოვ მოიწვიოთ სინოდი და ვიდრე ეკლესიისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, არ დაიშალოთ. არც იმას ვითხოვთ რაიმე დეტალები მოგვიყვეთ. მთავარია, შედეგი დადოთ, სხვას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
აქვე მივმართავ იმათ, ვინც უნდა გახდეს სკანდალის უშუალო მონაწილე. დაფიქრდით ვიდრე ყველაფერს გარეთ გამოყრით. მოაგვარეთ თქვენი პრობლემები ეკლესიის წიაღში.
იმედს ვიტოვებ და მჯერა, რომ საქართველოს მართლამდიდებელ ეკლესიაში არის მრავალი ღირსეული ღვთისმსახური და იერარქი. იმისიც მჯერა და მწამს, რომ ის „ნაღმი“, რომლის აფეთქებასაც ცდილობენ მავანნი, პრობლემაა მაგრამ არა უმთავრესი გამოწვევა, რომელიც დგას ეკლესიის წინაშე. ამიტომ ამ „ნაღმს“ ნუ გადააყოლებთ ყოველივეს. ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ – კი ხართ ღირსნი, მაგრამ ეკლესია არ იმსახურებს ამას.
მესმის, რომ კრებსითად მომიხდა მომართვა და ამის გამო გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობ, თუმცა არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელნი ბრძანდებით ყველა. ამიტომ იმოქმედეთ, ვიდრე საბოლოოდ დაზიანდება ეკლესია და შედეგად, მისი სათავეში კვლვავ რუსეთი დაგვისვამს სასურველ პერსონას. ამ ყველაფრის მიზანი ხომ სწორედ ეს არის.

პატივისცემით,
გოჩა მირცხულავა
თბილისი, 8 ოქტომბერი, 2019 წელი

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უშუალოდ პირადი გარემოცვით მართავს
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს