გოჩა მირცხულავა: სახელმწიფო პანოსის მდგომარეობაში – პარლამენტის პირველი და ბოლო სხდომა

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ამჟამად ქართული სახელმწიფო იმყოფება, ერთი უპირობო დასკვნის საშუალებას იძლევა – მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ამავე პარლამენტის შემადგენლობისთვის ბოლოც იქნება. „ბოლო”, ამ შემთხვევაში, ურტირებაა და ზუსტად ფაქტს კი არ ასახავს, არამედ, პროცესს, რომელსაც ეს სხდომა დაუდებს სათავეს.
პირველი სხდომის საორიენტაციო თარიღამდე – 11 დეკემბერი, ცხადია, „ქართული ოცნება” ისე მივა, რომ ოპოზიციას საფუძლიანს არაფერს შესთავაზებს. ისიც ცხადია, რომ პარლამენტი, რეალურად, ერთპარტიული იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ოპოზიციური ძალა „გადაირევა” და პარლამენტში შესვლაზე დასთანხმდება. რაოდენ გულწრფელიც უნდა იყოს მისი არგუმენტები და გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის თვალში ეს პოლიტიკური ძალა საჯაროდ გაიმეორებს ანა კარენინას ქმედებას და სწორედ „ოცნების” მატარებლის ბორბლებისგან დაქუცმაცებული განუტევებს სულს ქართული პოლიტიკის ვაგზალზე. იარლიყებიც უხვად იქნება, რომელთაგან „ვაგზლის ბოზი” ყველაზე საამურად მოსასმენად გაჟღერდება „გაყიდული” ლიდერებისთვის. ვიმეორებ: ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გადაწყვეტილებაზე „ოცნებას” გავლენა არ ენება.

***
ახლა, არ დავიწყებ იმის ახსნას, რა მოტივი უძღოდა ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით. აქვს აზრი იმაზე საუბარს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვისაუბრე არაერთ გონიერ ადამიანთან იმის შესახებ, რომ 56%, რომელსაც „ოცნების” ლიდერშიპი და, პირველ რიგში, საარჩევნო შტაბის უფროსი არჩევნების დღის 20 საათისთვის, პირველადი შედეგების გამოსაცხადებლად ითხოვდა, არარეალური იყო და ეს გზა სახელმწიფოს კრიზისში შეიყვანდა? სხვათა შორის, „იმედის”, ანუ „ოცნების” 56% და ცესკოს მიერ დადგენილ 48%-ს შორის არსებულ სხვაობას სოციოლოგია არ სცნობს და რა საინტერესოა, სოციოლოგიურმა კომპანიამ, რომელსაც კონტრაქტში შედეგების, სავარაუდოდ, 3 ან 4-პროცენტიანი ცდომილებით დადგენა ჰქონდა ნაკისრი, ტვ „იმედს” („ოცნებას”) ფული უკან დაუბრუნა?
არც იმაზე დავიწყებ საუბარს, მაგალითად, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი და ახლა უკვე საქართველოს პალამენტის მე-10 მოწვევის წევრი, ალექსანდრე მოწერელია, არჩევნებიდან 5 დღის განმავლობაში მუცლის გვერემის გამო საჯაროდ რომ ვერ ჩნდებოდა, ვიდრე წალენჯიხისა და მარტვილის ოლქებში არათუ ოქმები არ ჩაასწორეს, არამედ, ბიულეტენებიც არ დაალაგეს – და ასე არ გაუნაღდეს პირველ ტურში გამარჯვება.
მოწერელია იმიტომ ვახსენე, რომ თავად „ოცნებაში” მის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას იმ ხუთი დღის განმავლობაში პანიკურს კი არა, „პანოსურს” უწოდებენ და სამომავლოდ დაცინვის ობიექტიც ჰყავთ. ხატი, რჯული, მე არ მომიგონებია ეს მდგომარეობა, თავად „ოცნებაში” ქილიკობენ ყველაფერ ამაზე. ამიტომ, ბატონი მოწერელია ჩემზე ვერ გაბრაზდება.
ჰო, ისე, მის და „ოცნების”არაერთი მაჟორიტარის გასაგონად: გამარჯვებასაც და დამარცხებასაც სჭირდება ღირსება და ვთქვათ, იმავე „ოცნების” რიგებში გამარჯვების ღირსეული დემონსტრირებაა გოჩა ენუქიძის წარმატება საკმაოდ რთულ საარჩევნო ოლქში. მორალურ ასპექტებზე არაფერს ვიტყვი თუნდაც ამ კონტექსტში.

***
და მაინც, რატომ აღმოჩნდა სახელმწიფო არსებულ მდგომარეობაში? ღირდა მოწერელიას და მისთანების პანოსური მდგომარეობიდან გამოყვანა სახელწიფოს შეყვანად ანალოგიურ მდგომარეობაში? ისიც ცხადია, რომ აქ კონკრეტულ პერსონებზე, მეტწილად მაჟორიტარებზე კი არაა საუბარი, არამედ, „ოცნების” ლიდერშიპის და კონკრეტულად, კობახიძის უკიდეგანო ამბიციასა და პოლიტიკურ თავხედობაზე. მავანი იტყვის, რას გადავეკიდე კობახიძეს, მაგრამ ახლა ძველი ცოდვების ჩამოთვლას არ დავიწყებ და მხოლოდ ბოლო არჩევნების ერთ ფაქტს ვიტყვი: საარჩევნო უბანზე მისული „ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიცია საჭირო არ იქნება და პარლამენტში მის პარტიას ასზე მეტი წევრი ეყოლება. რა მონაცემებზე დაყრდნობით თქვა ეს ბიძინა ივანიშვილმა? – იმ 56%-ის ხომ არა, რომელიც ტვ „იმედს” უნდა გამოცხადებინა კობახიძის დაკვეთით? მერამდენედ გააბითურა ამ ყმაწვილმა საკუთარი ლიდერი? მერამდენედ ჩააგდო უხერხულობაში და შექმნა კრიზისი არა მხოლოდ „ოცნებისთვის”, არამედ სახელმწიფოსთვის?
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, „გავრილოვის ღამე”, ჩაგდებული კენჭისყრა პრპორციულ არჩევნების თემაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის გაპამპულება, ახლა კიდევ – „ასზე მეტი” და სახელმწიფოს „პანოსურ” მდგომარეობაში ჩაგდება. სხვა წვრილ-წვრილ ქმედებებზე არაფერს ვიტყვი. საიდან ეს თავდაჯერებულობა 100-ზე მეტ პარლამენტარზე? აქ ხომ ყველაფეერი ნათელია – თქვენ მიმტკიცებთ, რომ „ასე იქნება”, მე გიჯერებთ და გაძლევთ ყველანაირ რესურსს, რომ „ასე იყოს” და თუ „ასე არ იქნება”, პასუხი თქვენ უნდა მოგთხოვოთ. თქვენ კი, როცა ხედავთ, რომ „ასე არ გამოდის”, რას აკეთებთ? იმას, რის გამოც თუნდაც ერთ ადამიანს შეუძლია შემოგედავოთ. მაგალითად, 25-ე საარჩევნო ოლქი, დეტალურად კი #25.68.04 – ალექსანდრე მოწერელია 136 ხმა, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” – 36 ხმა. ა, ხომ „ადამიანური ფაქტორი” და „ტექნიკური შეცდომაა”…
და მაინც, თუ ვინმე უნდა გრძნობდეს უხერხულობას არსებული ვითარების გამო და პასუხისმგებელიც არის არსებულ კრიზისზე, ეს ბიძინა ივანიშვილია, რადგან მან შემოიკრიბა ირგვლივ ცრუპოლიტიკანების მნიშვნელოვანი არმია და მისსავე ირგვლივ მყოფი მცირერიცხოვანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული აზრის მოსმენა არც კი სურს. ამ ადამიანების გვარების ჩამოთვლა ნამდვილად შემიძლია თუნდაც იმიტომ, რომ ბევრნი არ არიან, მაგრამ არ ღირს – ცხოვრებას დავუნგრევ.

***
და მაინც, რა არის პრობლემა? რატომ არ შეიძლება არსებული ვითარების განმუხტვა და დალაგება? მესმის, რომ ჩვენ არ ვართ თანამედროვე ისრაელი, არც – გასული საუკუნის 90-იანი წლების იტალია, სადაც წელიწადში ლამის ოთხჯერაა შესაძლებელი არჩევნების ჩატარება. პრობლემა ხომ რეალურად სხვა რამეში მდგომარეობს – „ოცნება” ვერ აღიქვამს პოლიტიკური ტვირთის სიმძიმეს, რომელსაც პარლამენტის პირველ სხდომაზე მხრებზე დაიდებს. ეს ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ დიახაც, პირველივე სხდომა, რაოდენ ეიფორიულიც უნდა აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ სხდომათა დარბაზში, რეალურად, ბოლო იქნება, ანუ დასასრულის დასაწყისი.
რიტორიკულს, მეტაფორულს ან მხატვრულს ნუ ეძებთ გამოთქმაში – „საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა”. დიახ, არ არის! ჩვენ პარადოქსების ქვეყენა ვართ – მაგალითად, აშშ-ის კონსტუტიციის ერთ-ერთი ავტორი თომას ჯეფერსონია, რომელსაც ამით თავი ერთ საჯარო გამოსვლაშიც არ მოუწონებია და საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი კი არა, უპირობო ავტორი, ირაკლი კობახიძე კი თავის „ამაგს” დღენიადაგ გვამდლის.
როდესაც ვსაუბრობ ვითარების სიმძიმეზე, პირველ რიგში, ვგულისხმობ არა საგარეო ფაქტორებს, არამედ, იმ სოციალურ ფსიქოლოგიურ განწყობებს, რომლის ფორმირებასაც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ „ოცნებამ” შეუწყო ხელი. აბსოლუტური აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ადამიანებს სიმშვიდე უნდათ და ამიტომ აძლევენ „ოცნებას” ხმას. ეს დრო თუ არსებობდა, გავიდა. რეალურად, „ოცნებამ” შექმნა ვითარება, როდესაც მას ახლა მხოლოდ ორი კატეგორიის მხარდამჭერი ჰყავს: ერთი – ვისაც აძლევს დივიდენდებს (საჯარო მოხელეებიდან დაწყებული ქუჩის „შპანათი” დასრულებული) და მეორე – წინა ხელისუფლების მიერ პოლიტფსიქოლოგიურად ტრამვირებული. ამ არჩევნების პარადოქსი „ოცნებისთვის” სწორედ ის გახლავთ, რომ ე.წ. შუაშისტები, რომლებზეც იდგა „ოცნების” სიძლიერე, ამჯერადაც, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ან სახლში დარჩა, ან სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებზე გადაანაწილდა მისი ხმები.
პრობლემა იცით, კიდევ რა არის? – პოლიტიკოსები რომ ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ხმების ქურდობა და მაგალითად, 36 ხმის 136-ად გადაკეთება. ახლა, „ქართული ოცნებისთვის” ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ საუბნო და საოლქო კომისიის წევრები არიან, რომლებიც უკვე თავლნათლივ მიხვდნენ, რომ ხელი კი არ შეაშველეს პოლიტიკურ ძალას გამარჯვებაში, არამედ, „გაამარჯვებინეს” და მათ გარეშე ახლა საერთოდ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა.
და მეორეც: ხუთი დღის განმავლობაში პანოსურ მდგომარეობაში მყოფი მოწერელია ვერასოდეს იქნება მათთვის ავტორიტეტული პერსონა, პოლიტიკოსს რომ თავი დავანებოთ. ახლა, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი „თავი დგას” რუსთაველზე, ახლა მნიშვნელოვანი მათი განწყობაა, ვინც იცის, რა გააკეთა იქ – უბანზე თუ უბნის მიმდებარედ. განწყობა, რომლის მიხედვითაც მავანი გამყალბებელი მიიჩნევს, რატომ უნდა იჯდეს მოწერელია პარლამენტში და არა, მაგალითად, თავად ის ან მისი შვილი? ასე (36 -136) ხომ თავადაც გაიმარჯვებდა ან მისი პირმშოს კარიერული წინსვლა დაიწყებოდა? ახლა ეს თავებია დასათვლელი, რომლებმაც უკვე არჩევნების შემდეგ, პირველ დღეებში, უმარავ ადამიანთან მოიწონეს თავი იმით, თუ რა აკეთეს უბნებზე და მერე გაიაზრეს – რა ვერდიქტი გამოუტანეს საკუთარ თავს.
პრობლემა? ჰო, პრობლემაა უპერსპექტივობის განცდა, რომელიც უკვე დაეუფლა „შუაშისტებსაც” კი და დღეს 10-დან 8 ღიად აცხადებს – „ესენი ვინ არიან?”…
პრობლემაა, როდესაც მაიკლ პომპეოს ვიზიტის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს სატალევიზიო ეთერებში არჩევნების შედეგების განხილვა უხდება და ჯიუტად იმის განმეორება, რომ „ოცნებას” მილიონამდე ადამიანმა დაუჭირა მხარი და მანდვე უჭირს ფრაზის მიბმა, რომ ოპოზიციას მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
პრობლემა, თან უაღრესად მძიმე და ყველაზე წონადი საჯარო მოხელეები გახლავთ, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათი დირექტორი, დეპარტამენტის უფროსი, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ანუ მთავრობა, „ტიპები, რომლებმაც უნდა „უხელმძღვანელონ”, მათ შორის, პანოსური მდგომარეობაში მყოფი მოწერელიას დამტკიცებულნი არიან. ვინ, ვინ და, მათ ხომ ზუსტად იციან ყველაფერი, ანუ ის, რამდენად ლეგიტიმური იქნება ახლადარჩეული პარლამენტი და მის მიერ დამტკიცებული მთავრობა. და თუ ეს ადამიანები დღემდე ჩუმად არიან, ამასაც ხომ მიზეზი აქვს – რცხვენიათ, რომ სახელმწიფო მათი ხელშეწყობითაც არის პანოსურ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეშინიათ კიდეც, სამომავლოდ რომ ვინმემ რამე არ მოეკითხოს, მაგრამ შიში ოდესმე დაიძლევა ან… და მაშინ რა ხდება..?
***
რაც შეეხება ოპოზიციას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიცია კმაყოფილია საკუთარი შედეგით, სულაც არა, თუმცა ამის მიზეზი, ან იმ შედეგის, რომელიც მან მიიღო, საკუთარ თავში უნდა ეძებოს. რეალურად, ოპოზიციის საარჩევნო კამპანიამ პოლიტუკური პროცესის შექმნის გარეშე ჩაიარა და ამაში ოპოზიცია ვერავის დაადანაშაულებს. ოპოზიციამ მეტწილად დაკარგა მგრძნობელობა და ვერ გახდა პოლიტიკური პროცესის შემოქმედი. სწორად შენიშნა თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცხოვრების მკვლევარმა, ლელა ჯეჯელავამ: „ვითარება ითხოვს ეპოქისათვის შესაფერისი აზროვნებისა და უნარების მქონე ახალი ლიდერებს, რომლებიც თავისუფალნი არიან წარსული დროის პოლიტიკური ტვირთისგან”.
ამ რეალობის აღიარება უჭირთ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც ექსტერნად დაასრულეს პოლიტიკური სკოლა, უმაღლესი სასწავლებლებიც და ახლა აღმოჩნდა, რომ უამრავი საგანი არც კი უსწავლიათ და ყალბი დიპლომები აქვთ. დიახ, დიპლომები, რომელიც პოლიტიკაში ყოფნის გარანტიაა, თორემ მათ სწავლა-განათლებაზე არავინ ჩივის – აზრი არ აქვს!
ამ პროცესში მყოფი ოპოზიცია ერთ მონოლითად შეიკრა. ერთობის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი კი „ქართული ოცნება” გახდა. „ქოცების” ერთ ნაწილს უკვირს, რატომ არ შედის, მაგალითად, ვაშაძე, ელისაშვილი, ჯაფარიძე, ნათელაშვილი პარლამენტში? ან იგივე ინაშვილი? მათი სვლები ხომ „ოცნების გამბიტის” შედეგია და არა – არჩევანი. რადგან ახლა, მათთვის პარლამეტის წევრობა უმთავრეს მადისკრედიტირებელ ფაქტორად იქცა.
აქვე, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, მაგრამ საინტერესოა, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ თუ იმსჯელა და გაანალიზა ის შედეგები, რომელიც არჩევნებზე აჩვენა. თუ იმსჯელა პერსონალურად ადგილობრივ ლიდერებზე, მათ გუნდზე, კომისიებში გამწესებული ადამიანების კეთილსინდისიერებაზე, ანუ ყველაფერზე, რის გამოც დადგა არსებული შედეგი და ვითარება?!
ყველაფრის მიუხედევად, ოპოზიციაც ვალდებულია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რადგან მაღალი ავტორიტეტის, პრინციპულობის შემთხვევაში, მათ იმას ვერ გაუბედავდნენ, რომ პანოსირებული მოწერელია, მინიმუმ, პირველ ტურში გამოეცხადებინათ გამარჯვებულად. ვამბობ, მინიმუმ, რადგან პირწმინდად წაგებულ წალენჯიხისა და მარტვილის ოლქებში ისეთი გამარჯვება გაუფორმეს, მაკედონელსაც რომ შეშურდებოდა სამხედრო სტრაგეგიული თავლსაზრისით!
ახლა კი, რაც ხდება და რასაც ოპოზიცია აკეთებს, ყველფერი ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი. თუ ოპოზიცია ასე არ მოიქცევა მომავალ არჩევნებზე, რომელიც, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება, მაგრამ აუცილებლად ჩატარდება ვადაზე ადრე, დაკარგავს იმ ამომრჩეველს, რომლის ხმებიც ვერ დაიცვა. ახლა, განა რამე სხვა პროცესი მიდის – პარლამენტში არშესვლა ხმების დაცვაა მათთვის და ეს კარგად ესმით „ოცნებაშიც”. ამიტომაც, სწორედ ამ მომენტზე აკეთებენ აქცენტს, მხოლოდ პირიქით – „რას ქვია, საკუთარი ამომრჩევლის ხმებს ანიავებენო”.
***
და ბოლოს, მაინც რატომაა პირველი სხდომა ბოლო? – სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად, მე – ადამიანი, რომელიც მივიჩნევ, რომ მაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვარ მოქალაქე ჩემი ვალდებულებებით, პასუხისმგებლობითა და უფლებებით, ვერასოდეს ვაღიარებ მოწერელიას საქართველოს პარლამენტის წევრად და რა თქმა უნდა, ვერასოდეს დავაყენებ რანგით, ღირსებითა და არჩევნებზე მიღებული შედეგით იმავე გოჩა ენუქიძის გვერდით!
და აქ უბედურება ის არის, რომ ჩვენ მოწერელიები ბევრი გვყავს „ოცნების” რიგებში. მათ, უბრალოდ, სხვადასხვა გვარი აქვთ…
მოკლედ, ყველამ ყველაფერი იცის.
***
ჩემთვის მთავარი ის კი არაა, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს სახელმწიფოს, არამედ, როგორ მოდის ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რამდენად კეთილსინდისიერია და აქვს თუ არა იმდენი ლეგიტიმაცია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ძალაც კი გამოიყენოს ჩემს წინააღმდეგ. აქვს თუ არა მორალური უფლება, დამიწესოს კანონები, შეზღუდოს ჩემი უფლებები. მე – ამ ქვეყნის მოქალაქეს მეკისრება თუ არა კანონმორჩილების პასუხისმგებლობა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის უმთავრესი ორგანოს – პარლამენტის არჩევნების შედეგები არათუ გონივრულად იწვევს ეჭვს, არამედ, მაქვს მტკიცებულებები, როგორ გააყალბეს ხმები, როგორ იძალადეს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ცალკეულ პერსონებზე, არსებული შედეგების მისაღწევად.
მთავარი კი ყველაფერ ამში ის გახლავთ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას” არ სრუდა ძალაუფლების ვინმესთვის განაწილება. მხოლოდ ამის გამო, პოლიტიკური ძალა რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დიდი კოალიციური გაერთიანებით, რომლის მთავარი ფიგურანტი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იყო, რვა წლის შემდეგ ვერ ძღება ძალაუფლებით. მინუს ოთხი პროცენტი და პლუს, თუნდაც, ორი პარტნიორი პოლიტიკური ძალა კოალიციაში, არსებულ კრიზისს არც კი შექმნიდა.
ახლა კი ყველაფერი დროის საკითხია. პოლიტიკური სიხარბის გამო სახელმწიფოს პანოსურ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. მოწერელია პარლამენტში ოთხი წელი ვერ იქნება და დრო, რომელსაც იგი საკანონმდებლო ორგანოში დაყოფს, სახელმწიფოს ისტორიულ პერსპექტივაში, სწორედ ერთი სხდომის ტოლფასი იქნება!
მემატიანისთვის, დაახლოებით, ასე გადმოსაცემი: „მე-10 მოწვევის პარლამენტი 2020 წლის ??? დეკემბერს შეიკრიბა. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებული გამოწყობების გამო, „ქართული ოცნება” იძულებული გახდა, ვადამდელი არჩევები დაენიშნა”.
ოფიციალურად რა მიზეზიც უნდა დასახელდეს, მემატიენისთვის მიზეზი ეს იქნება და არა – სხვა რამე.

***
სულ ბოლოს, მავანი იტყვის, რას გადავეკიდე მოწერელიას, როდესაც მქუხარე გვარების და ცნობილი ფაქტების მოხმობა შემეძლო. არაფერი პირადული – პოლიტიკური გემოვნების საკითხია, როდესაც პერსონა თავად ქმნის „неприязнь”-ს. ახლა უფრო მისი ახლობლების მდგომარეობა მაწუხებს, რომელთაც თან უხარიათ და თან რცხვენიათ – 136-ად გადაკეთებული 36 ხმა. თუ არ რცხვენიათ, ეს უფრო დიდი ტრაგედიაა არა მათთვის, არამედ, ქართული სახელმწიფოსთვის!

ავტორი: გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი ოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – საგანგაშოა, რომ ეუთო-ს წევრი რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ისევ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, არღვევს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით ცვლის საზღვრებს