გოჩა მირცხულავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბატონებო და ქალბატონებო,

ვათვითცნობიერებ თემის სიმძიმეს, რაზეც ქვემოთ უნდა მოგახსენოთ და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, შევეცდები ვიყო მაქსიმალურად ფრთხილი, რათა არ დავაზიანო პირველ რიგში საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის იმ სტრუქტურების, ორგანიზაციებისა თუ პერსონების, რომელთა მოხსენიება მომიწევს პირდაპირ ან ირიბად.

ბოლო დღეების განმავლობაში მიღებული და სხვადასხვა წყაროებით გადამოწმებული ინფორმაციების საფუძველზე ვაცხადებ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში – აჭარაში იგეგმება პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საკითხი ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემას. იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ამ საკითხის აბსოლუტურად უმტკივნელოდ მოგვარებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალიწინებით გადაწყვეტის პრაგმატული გეგმა, მოხდა მისი იგნორირება. რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ხელისუფლების ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების გაუაზრებელი ქმედებების საფუძველზე ეს საკითხი ხელოვნურ ჩიხში მოექცა.

შედეგად, საკითხი გახდა კონფესიების წარმომადგენელთა დაპირისპირების საგანი, რომლის პერიპეტიები ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია.

საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მუსლიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საკითხს ჩამოაშორეს ყოველგვარი საგარეო – საფრთხის შემცველი ფაქტორი, რაც ასევე კარგად არის ცნობილი საქართველოს ხელისუფლების, დაინტერესებული პირებისა და მით უფრო სპეცსამსახურებისთვის. (ხელისუფლებას აქვე შევახსენებ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საკმაოდ ნეგატიურად აისახა).

მიმდინარე ეტაპზე არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს პრობლემას თვალი მოარიდოს და საკითხის პოლიტიკური და სამართლებლივი შემადგენელი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის განსასჯელი და გადასაწყვეტი გახადოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების დასაძაბად და რეგიონში დაპირისპირების პროვოცირებითვის, რომელმაც სრულმაშტაბიანი ხასიათი უნდა მიიღოს.

კერძოდ, უნდა მოხდეს ქართველი მუსულიმების პროვოცირება, რასაც მოჰყვება გარკვეული განცხადებები და ქმედებები, რაც პროცესების შემდგომი ესკალაციის საბაბი გახდება.

მივმართავ “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს თემის წარმომადგენლების პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით. მივმართავ ყველა ქართველ მუსლიმს, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი ქართული სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეების ხელში. მივმართავ საქართველოს მოქლაქე, არაქართული ეროვნების მუსლიმებს, ნურავითარი სახით ნუ ჩაერევიან მოსალოდნელ პროცესებში.

აქვე, მივმართავ მაღალყოვლადუსამღვდელოეს დიმიტრის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, რომლის პროვოცირება, აღნიშნულ პროცესებში პირდაპირი თუ ირიბი ჩართვა, ასევე წარმოადგენს მავანთა გეგმის ნაწილს.

მეუფეო, კარგად მოგეხსენებათ, რომ ცალკეულმა ძალებმა ბოლო მოვლენების დროს (ვგულისხობ ე.წ. ციანიდის საქმეს) მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს პირადად თქვენი პერსონის დისკრედიტირებისთვის – რამდენად მიაღწიეს მიზანს ამაზე მსჯელობა არ ღირს. ამჟამად, ნებისმიერი პერსონა თუ ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეეცდება პირადად თქვენს და თქვენი მეშვეობით მართლმადიდებელი მრევლის ჩართვას რაიმე სახის დაპირისპირებაში და ამას გაამართლებს როგორც დედა ეკლესიის მოვალეობად ან მართლმადიდებლების ვალდებულებად, კვალავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტზე მიიტანს იერიშს. რაოდენ მყარი არგუმენტებიც არ უნდა გააჟღერონ ესკალაციის მომხრე პირებმა, მოვლენების ამ სახით განვითარების ყველა ვარიანტის მოდელირება ცხადჰყოფს, რომ საბოლოოდ, “ბომბი”, რომლის “აფეთქებაც” თქვენი ხელით სურთ, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა პირიქით, როგორადაც ამის მოწოდებას თქვენთვის შეეცდებიან, ან უკვე შეეცადნენ. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები განვითარდება ქართული სახელმწიფოსთვის არასასურველი სცენარით, რაც ამთავითვე ცნობილია ვის წისქვილზე ასხამს წყალს, პირადად თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას ცალკეული მიზეზების და განწყობების გათვალისწინებით, რაც თქვენთვის კარგად არის ცნობილი და რომლის განვრცობისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

მეუფეო, თქვენთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მულტიკულტურული ქვეყნაა და თუნდაც დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, მისი ცხოვრების წესზე, ტოლერანტობაზე აპელირება მხოლოდ 8 თებერვალს – დიდი მეფის ხსენების დღეს კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მისი ცხოვრება და მოღვაწოება ჩვენი – საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს. განსაკუთრებით დიდი დოზით მათი, ვისაც ბედმა და განგებამ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის მისია დააკისრა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თუნდაც თბილისის მეციხოვნენი მუდამ იყვნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქართველ მუსლიმებს არასოდეს უღალატნიათ საქართველოსთვის და ნურც ის, რომ ისინი ამ ქვეყნის ღირსეული შვილები არიან და ვერავითარი რელიგიური კუთვნილება ვერ გაავლებს ზღვარს ჩვენს – საქართველოს მოქალაქეებს შორის. რასაკვირველია, პრობლემა ხელოვნურად არ უნდა შექმნან არც ქართველ მუსლიმთა ლიდრებმა და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა თუ მსახურებმა.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, აჭარაში 333 953 ადამიანი ცხოვრობს, აქედან – 132 852 მუსლიმია. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება არის პატივი ვცეთ ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს, ისევე როგორც მათ აქვთ ვალდებულება დიდი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტრადიციულ რელიგიას – მართლმადიდებლობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობის როლი და მისია იტვირთა.

აქვე, უნდა მივმართო ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, თავი აარიდეთ გაუაზრებელ პროცესებში ჩართვას და ნუ შეასრულებთ ქართული სახელმწიფოსთვის დამღუპველ როლს. მერწმუნეთ, ამ შეფასებაში არაფერია გადაჭარბებული. მით უფრო, რომ ამის იმედი და მოლოდინი პროვოკაციის დამგეგმავების სცენარში გაწერილია.

საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ საკითხის ღირსეულად მოგვარება ამ ეტაპზეც არის შესაძლებელი და გადადგას კონკრეტული და დროული ნაბიჯები მის გადასაწყვეტად. ხელისუფლების როლზე და პასუხისმგებლობაზე ვითარების ესკალაციის შემთხვევაში სიტყავს არ გავაგრძელებ. აქვე, სახელმწიფოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და არ არსებობს ავტორიტეტი ან/და ინსტიტუტი, რომელსაც რაიმე სახის განზრახვით შესაძლოა, ჰქონდეს უფლება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ საზოგადობის ცალკეული ჯგუფების ამხედრებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა მერკანტელური თუ კორპორატიული ინტერესების გამო.

და ბოლოს – მერწმუნეთ, თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, შევეცადე მაქსიმალურად დელიკატურად და რბილად გადმომეცა სათქმელი. ამავდროულად, თავს ვიკავებ ცალკეული კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს, ნამდვილად კეთილი განზრახვით გაკეთებული განცხადება დააფიქრებს კონკრეტულ პირებს, სტრუქტურებს, ორგანიზაციებს და შესაბამისი მოქმდებების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციის თავიდან აცილება. ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული მედია სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, პოზიტიულ როლს შეასრულებს აღნიშნულ პროცესში.

გოჩა მირცხულავა

თბილისი, 29 მარტი, 2018 წელი

banner
წინა სტატიაშიჟენევის მოლაპარაკების ქართველმა მონაწილეებმა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სამი სახლი გაქურდეს