გოჩა მირცხულავა: როგორ უყურებთ თვალებში საკუთარ შვილებს? ნეტავ ხვდებოდეთ, რა გაუკეთეთ სახელმწიფოს …

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რყევა მაშინ დაიწყო, როცა მას მხარი არ დაუჭირა თბილისმა და დიდმა ქალაქებმა. ეს იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში რეგიონებში სახელმწიფოს მტაცების არანაირი სიმპტომი არ იყო.
დღეს ვითარება პოლიტიკური პერსპექტივის პრიზმაში ბევრად რთულია და ვერ ვგრძნობ ამას ხვდებოდეს არჩევნების შედეგად მეტი ხმის მფლობელი პოლიტიკური ძალა.
თუ კომისიის წევრებმა გუდას პირი მოხსნეს, რა ხდება?
პირადად ჩემთვის – ეს არაერთხელ დამიწერია – არჩევნების გაყალბება, თუნდაც ერთი ხმით, არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გათანაბრებული ქმედება. ეს არის ჩემი შვილებისთვის წართმეული პერსპექტივა.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იმარჯვებს არჩევნებში – ეს უნდა მოხდეს სამართლიანად, კანონიერად და ლეგიტიმაციის უმაღლესი სტანდარტით. არანაირი – იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის ანაბანა – ყოველთვის ჩემი მოსაწონი პოლიტიკური ძალა ვერ იქნება ხელისუფლებაში და არც უნდა იყოს. მით უფრო, რომ ჩემს შვილებს შესაძლოა, საერთოდ სხვა პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეთ.
“ჩემი ძმაკაცი” სრულებითაც არ ნიშნავს – კარგ პოლიტიკოსს. “ჩემი ძმაკაცი” – ჩემი მონური ფსიქოლოგიის და ეგოისტური მისწრაფებების ნაყოფია, თუ მასთან ღირებულებითი კავშირი არ მაქვს.
პროცესი, რაც ახლა ვითარდება და რაც არის 31 ოქტომბრის შედეგი – თვალნათლივ ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ეს ყანაც კი არ გახლავთ, სადაც კარგი მოსავლის მისაღებად აგროწესების დაცვაა საჭირო.
და ბოლოს, არაერთხელ დამიწერია ეს სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების გათვალისწინებით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენის გარდა ციხისთვის არავინ მემეტება.
ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ეს “ვერ გამეტება” მუდამ გულწრფელია. ამის მიუხედავად დღეს ღიად ვამბობ – სახელმწიფოს პარალიზების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცენდენტო დანაშაულის – თუნდაც ერთი ხმის გაყალბების – საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, თანამდებობრივი გულგრილობისა და სახელმწიფოს კრიზისში შეყვანის გამო, რა დროც არ უნდა გავიდეს, თამარ ჟვანია საბრალდებო სკამზე უნდა აღმოჩნდეს! და ასევე ყველა ის პერსონა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გახლავთ, ვინც საარჩევნო კომისიის წევრებს უმძიმესი დანაშაულის ჩადენას- (ადამიანის მოკვდინებაზე უფრო მძიმე დანაშაულის) – არჩევნების გაყალბებას აიძულებდა. რა თქმა უნდა, ეს ხვედრი უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც თუნდაც ერთი ხმის გაყალბება უზრუნველყო ან ხელი შეუწყო. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოში ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. არც უნდა არსებობდეს.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში. ვინ არის ძალა, რომელიც აიძულებს. ხვდება ამას ნეტავ ოპოზიცია? ხელისუფლება რომ ვერ ხვდება – ვხედავ. ნეტავ ხვდებოდნენ ჩემი გამყალბებელი თანამოქალაქეები რა დღეშია ახლა ქართული სახელმწიფო… ნეტავ ხვდებოდეს თავად “ქო” რა პერსპეტივა აქვს… როგორ გძინავთ, როგორ უყურებთ თვალებში საკუთარ შვილებს? ნეტავ ხვდებოდეთ, რა გაუკეთეთ სახელმწიფოს …

 

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდაომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია – იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა