გოჩა მირცხულავა: პატრიარქი და ორი ეპისკოპოსი

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეების განმავლობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მეუფე პერტეს მიერ გაჟღერებულმა ფრაზამ, რომ მისთვის “მწყემსი კეთილის” ხატი დაიმსხვრა. დავუშვათ, რომ მეუფე შეცდა, ან უარყო – რაც არ მომხდარა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რას გვასწავლის ქრისტიანობა? მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო პეტრემ მაცხოვარი. ესეც არ იყოს, არ მგონია რომ თავად პატრიარქს ჰქონდეს ის დამოკიდებულება მეუფის მიმართ როგორსაც აქ ამჟღავნებენ ცალკეული ფარისეველნი. დარწმუნებული ვარ, მას აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიაჩნია თანასწორის – ეპისკოპოსის მხრიდან გამოთქმული ეს მწუხარებით, გნებავთ მხილებით აღსავსე ფრაზა. თავად ხომ იცის უწმინდესმა რატომ აარიდა, “დამნაშავე მამალაძის” თემაზე მსჯელობას თავი და ისიც უწყის, რომ სინოდზე ეპისკოპოსის მოუსმენლობა არ არის სწორი საქციელი კანონიკურად. ამ ფონზე ბრმადმორჩილი ფარისეველნი თხოვენ პატრიარქი მღვდელმთავარ კაიფასავით მოიქცეს, რომელმაც ქრისტეს განაჩენი ამ სიტყვებით გამოუტანა: “არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”. ესეც არ იყოს, სად არის ანგარებითი შემადგენელი მეუფე პეტრეს მოთხოვნაში, რომ სინოდმა იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელზეც დათქმა თავად გააკეთა საზოგადოების, მრევლის და უფლის წინაშე? სად არის კომისია და მისი დასკვნა დეკანოზ მამალაძის საქმეზე? ანუ, როცა ის ამბობს “მწყემსი კეთილის” ხატის მსხვრევაზე, რეალურად წუხს თავად პატრიარქზე, რომელიც საკუთარი მოსაზრებების ან სხვათა ზეწოლის გამო გაურბის სინოდის – პატრიარქზე უფრო ძლევამოსილი ორგანოს -გადაწყვეტილების აღსრულებას. ამით კი ეჭვებს ბადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სამართლიანობის, სიმართლის ანუ ქრიესტეს არსებობის მიმართ, თუნდაც ერთი ადამიანის გონებასა და რწმენაში. რატომ, თემის დელიკატურობის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო? ახლა ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მეუფე პეტრე რომ გმობელი არ არის და მოთხოვნაში მართალია ეს თავად მისმა უწმინდესობამაც კარგად უწყის, შეფასებებზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ემოციური განცდების კორექტირება არა. ხოლო თუ ის დაისჯება სიმართლისთვის, შინაგანი მრწმასისთვის მაშინ დამსხვრევა რწმენის მნიშვნელოვანი შემადგენელი დედა ეკლესიის მიმართ.

მეორე ეპისკოპოსი – იაკობი. არ განვავრცობ იმას რაც მოვისმინეთ, დიდწილად ისევ და ისევ ეკლესიას მოვერიდები. მაგრამ უმთავრესი – რა გვითხრა მეუფე იაკობმა სწორედ რომ “მწყემსი კეთილის” საპირწონედ? რომ ელოდება კურთხევას პატრიარქისგან და ყველას მიუზღავს სათანადოდ, ვინც მის საყვარელ პატრიარქს “შეეხება” (ზუსტი ციტატა უფრო მძაფრია და ამიტომ მისი მოხმობისგან თავს შევიკავებ). ამას პირველ რიგში ამბობს თანასწორზე – ეპისკოპოსზე.ამ შემთხვევაშიც გვერდზე დავტოვოთ ჩვენთვის ცნობილი “პასაჟები” დეკანოზ მამალაძის საქმეში მისი “ბუდნოვანი თუ აშკარა” აქტიურობის შესახებ. ისევე როგორც საერო ხელისუფლების მისამართით გამოთქმული მუქარა. ისევ იმ არსს დავუბრუნდეთ, რომ პატრიარქისგან ელოდება კურთხევას. და, უკაცრავად მაგრამ, ამ ეპისკოპოსს პატრიარქი ვინ ჰგონია, რომ მისგან ელოდება ანგარიშსწორების კურთხეევას? ავაზაკთა მეთაური თუ ალიბაბა, რომელიც ორმოცი ყაჩაღის მეთაურია? ხვდება ეპისკოპოსი იაკობი თუნდაც ამ ფრაზით რა უხერხულობას უქმნის მის უწმინდესობას, სინოდს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? ანუ ისიც ხომ არ დავუშვათ, რომ მას ასეთი კურთხევა სხვა დროს, სხვა – ჩვენთვის უცნობ საქმეებზეც აქვს მიღებული? სმენია რამე მეუფე იაკობს საეკლესიო სამართალზე და სასამართლოზე-სამსჯავროზე? რატომ აძლევს ქორეპისკოპოსი თავს უფლებას მუდმივად ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ამყოფოს ეკლესია თავისი გაუაზრებელი და ვითომ სასულიერო და პატრიოტული, ამ დროს კი ქრისტიანული, საერო სამართლის მაიგნორირებელი განცხადებებით? ყველაფერი შეიძლება დასწამო ან მოუფიქრო ადამიანმა სხვა ადამიანს, თუნდაც მის უწმინდესობას, მაგრამ ვერ დავიჯერებ და არც მინდა დაჯერება, რომ ის ვინმესთან ანგარიშსწორების კურთხევას გასცემს, როგორც ავაზაკთა მეთაური, არა და სწორედ ამაზე მიანიშნებს თავის “სამომავლო” ქმედებების მოლოდინში მყოფი ეპისკოპოსი. შევეცადა ძალიან მსუბუქად შევხებოდი მეუფე იაკობის “მუქარას” და უხერხულობებს რომელიც ქრისტიანული სწავლების კონტექსტში შეიქმნა მან ეკლესიას და გამგები გაიგებს რატომაც.

თუნდაც ეს ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებიც კი საკმარისია იმის გასააზრებლად, ვინ უფრო მეტი მოწიწებით ეპყრობა მის უწმინდესობას ამ ოპრი ეპისკოპოსიდან რომელთაგან ერთ-ერთის – სიმართლის ანუ ქრისტეს მაძიებლის ან “ძე შეცდომილის” მოკვეთას ითხოვს ამ დღეებში ბნელი მრევლის ნაწილი თუ მეორე, რომელსაც მისი უწმინდესობა თუნდაც საეკლესიო სამართლის მიღმა მდგარი ეპისკოპოსი ჰგონია და გააზრებულად თუ გაუაზრებლად უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს მას და ახდენს ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

მოკლედ, გონიერთათვის ყველაფერი ნათელია, ვინ რისთვის იბრძვის და ისიც – რატომ.

მრევლი კი, რომელიც ასე ადვილად, გაუაზრებლად მზად არის გოლგოთას გაუყენოს თუნდაც ერთი მორწმუნე, თუნდაც შემცდარი, არის უგონი ბრბო.

რაც შეეხება პატრიარქის ვერდიქტს ამ განსჯაზე უფრო ბრძნულსაც მოძებნის თავად. ერთადერთი რასაც საზოგადოება არ მიიღებს ის ნაცადი და მცდარი გზა იქნება, რომელიც რამდენჯერმე გაიარა საპატრიარქომ – ჯერ განკვეთის და მერე – კუბოში პატივის აღდგენის. მით უფრო რომ – ნეტარ არიან წამებულნი სიმართლისათვის-წერს  ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში წარჩინებული მასწავლებლები და მედალოსან კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა მდივანმა ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდა