გოჩა მირცხულავა: მოსაყდრე შიოს ლეგიტიმაცია არ გააჩნია

მეუფე შიოს მოსაყდრედ ყოფნა არალეგიტიმურია, ამის შესახებ ქრონიკა+-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა აღნიშნავს.

მისი თქმით, მეხუთე თვე იწურება და მოსაყდრის უფლებამოსილება ცნობილი არ არის, მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია და “იგი აბსოლუტურად ყოველგვარი „წესისა თუ კანონის“ დარღვევით ამ მეტად მნიშვნელოვან „უდიდეს ჯვარს“ ატარებს”.

მირცხულავა მიუთითებს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე“ (თავი I, §4) და დასძენს, “მოსაყდრის დანიშვნიდან ხუთი თვის თავზე ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორე არ გადამდგარა, იგი სრულფასოვნად ასრულებს თავის მოვალეობას _ ესწრება წირვებს”.

“პატრიარქს თავის განცხადებაში არ აღუნიშნავს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას საკუთარი უძლურების გამო იღებდა. მაგრამ დააკვირდით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს _ თუ არსებობდა გარდაუვალი აუცილებლობა მოსაყდრის გამორჩევისა, მაშინ რატომ არ მიენიჭა მოსაყდრეს დებულებით გათვალისწინებული უფლება: გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. რატომ არ მიეცა-გადაეცა მეუფე შიოს დაუყოვნებლივ (უკვე მეხუთე თვეა) სინოდის მოწვევისა და საეკლესიო საქმეთა მართვა-გამგეობის უფლება?”, – აღნიშნავს მირცხულავა და დასძენს, მოსაყდრის დასადგენად აუცილებელია სინოდის სხდომის მოწვევა.

banner
წინა სტატიაშიშარლ აზნავური სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაბელორუსში მდებარე სახინკლეში მიმსვლელებს საკუთარი არაჟნის მიტანა აუკრძალეს