გოჩა მირცხულავა: ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს მრევლის, მოსახლეობის მოტყუება და შობა 25 დეკემბერს აღნიშნოს

როდის უნდა აღვნიშნოთ შობა, ეს საკითხი სწორედ შობის მოახლოებისას ხდება აქტუალური და მერე ნაქეიფარ და ნაზეიმებ საზოგადოებას საკითხი ავიწყდება. რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი მსვეურების უმეტესობას ამ საკითხზე პოლემიკა არ სურს, და ლამის ასი წელია საზოგადოების ტყულში აცხოვრებს, ამის შესახებ “თაიმერს” ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა.
მისი თქმით, საკითხის არსი მარტივია, ლამის მთელი მსოფლიო ამ უდიდეს დღესასწაულს სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობენ შობას კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები. საქართველოს ეკლესიაც აღნიშნავდა ამ დღესასწაულს წლების განმავლობაში სწორედ 25 დეკემბერს.
“1918 წელს, საქართველოს საერო ხელისუფლებამ მოქმედი ძველი კალენდარი შეასწორა. საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო ეს შესწორება, რის შედეგადაც 25 დეკემბერი იქცა სამოქალაქო კალენდრის 7 იანვრად. კალენდარული რეფორმები იმხანად ყველა მართლმადიდებლურ სახელმწიფოში განხორციელდა. 1923-24 წლებში ეს რეფორმა განახორციელა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ, საბერძნეთის საარქიეპისკოპოსომ და მოსკოვის საპატრიარქომ. კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) და ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, საქართველოს ეკლესიამაც ორგზის სცადა ახალი კალენდრის შემოღება და ახალი სტილის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებდა 1923-1925 და 1927-1928 წლებში, მაგრამ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს საქმე ორჯერვე ჩაიშალა”, – აცხადებს მირცხულავა.
მირცხულავა განმარტავს, რომ 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო განჩინება ახალი სტილის დროებით შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნების შესახებ და დასძენს: მეოთხე საეკლესიო კრების განჩინებაში სიტყვა სიტყვით წერია: “ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რის მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათის აზრით, ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა. ასე მსჯელობენ არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც”.
“დღეისთვის, საქართველოს, რუსეთის იერუსალიმისა და სერბეთის საპატრიარქოები რჩებიან “ძველ სტილზე”, ხოლო უკლებლივ ყველა სხვა, 11 ავტოკეფალიური ეკლესია, გადასულია შესწორებულ კალენდარზე. საკათალიკოსო სინოდმა მღვდელმთავრებს დაავალა გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ. ასრულებს დღევანდელი სასულიერო პირების უმეტესი ნაწილი ამ დავალებას? აბა, მაჩვენეთ რომელიმე სასულიერი პირი, რომელიც იტყვის რომ გაუნათლებელია, მაშინ რატომ არ არსრულებენ სინოდის დავალებას და არ განუმარტავენ მრევლსა და მოსახლეობას, ხომ ცხადია, რომ რწმენაში ყოფნის მიუხედავად შობას თითქმის ყველა ზეიმობს, რომ ეს დღესასწაული არის 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს?, – აცხადებს მირცხულავა და დასძენს, – “მოდით, ერთ რამეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მოსაყრდის დანიშვნის წერილს რომელი თარიღი დაუსვა კათალიკოს პატრიარქმა? ძველი სტილით? არა, ახლით. თუნდაც ამით არის ყველაფერი ნათქვამი”.
მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ უხერხულობას, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა და ზეიმი დამძიმებულია მარხვით და რეალობას კალენდრის ცვლილების აუცილებლობის შესახებ, დიდი განსჯის საკითხი არც უნდა ყოფილიყო ახალ სტილზე გადასვლა.
“მით უფრო, რომ ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბასილი III აცხადებდა, რომ: “მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ”, – განმარტავს მირცხულავა.
მირცხულავას ამ საკითხთან დაკავშირებით მოჰყავს თვით უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სიტყვები: “საკავშირო მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ასეთი იყო: რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ეკლესიაში, მით უკეთესი”.
“ამჟამად კი საკითხი მიბმულია რუსეთის ეკლესიაზე. პატრიარქი ამ საკითხის ინიცირებას სწორედ იმიტომ არ ახდენდა, რომ სინოდში მრავლად არიან რუსეთის ეკლესიის და არა ქართული ეკლესიის მსახურნი და არ სურდა საკითხი ჩავრდნილიყო, რაც მნიშვნელოვანი დარტყა იქნებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამიტომ, დღეს საზოგადოება არის ვალდებული მოითხოვოს სინოდისგან ამ საკითხზე მსჯელობა. ვიმეორებ, მეოთხე საეკლესიო კრების გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის და მისი განჩინებით შობის 25 დეკემბერს აღნიშნვნა მხოლოდ შეჩერებულია. ეკლესია თუ აღიარებს მაცხოვრის ხორციელ შობას 25 დეკმებერს, მაშინ უნდა მიატოვოს მოსახლეობის მოტყუება და შობის აღნიშვნა 7 იანვარს”, – აცხადებს მირცხულავა და დასძენს, – “სხვა შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ეს ინტსტიტუტი ატყუებს საკუთარ მრევლს და ემსახურება რეგრესს”.
მისივე განმარტებით, ნიშანდობლივია საქართველოს ეკლესიის, წმინდა სინოდის 1927 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ახალ სტილთან დაკავშირებით: “ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოვუწოდებთ ჩვენს სამწყსოს და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისთვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადსა და ცამეტის დღით”.
“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის საკმაოდ რთულ ვითარებაში, ამ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, ვერაფერს ვერ გაუკეთებს უკეთესს, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქების, წმინდა ამბროსის (ხელაია) და ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას გამოხატული ნების აღსრულებაა. მით უფრო, რომ ეს ნება ეფუძნება საეკლესიო სინოდის განჩინებას და იმავე სინოდის განჩინების საფუძველზეა დროებით შეჩერებული”, – განუცხადა “თაიმერს” მირცხულავამ.

banner
წინა სტატიაშიUNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა
შემდეგი სტატიარაიმონდ პაულს “ღირსების ორდენი” გადაეცა