გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 5, 2018 17:03

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს

მნიშვნელოვანი

  • წლევანდელ რიგით მე-17 სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენების ძირითადი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების – ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა იქნება.

სხვა სტატიები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს.

მოცემულ პოზიციაზე არჩეული პირის მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი ხუთი წევრისაგან შედგება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს. მან აღნიშნულ პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაზარალებულთა ფონდში არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს არაერთი ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე.

„იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს რომის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მანდატის ძირითადი ავტორია, მონაწილეობდა რომის კონფერენციაში და იყო ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი ტექსტის – რომის სტატუტის პროექტის გარშემო მოლაპარაკებების პროცესში „თანამოაზრე სახელმწიფოთა ჯგუფში“ საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი. 1999-2002 წლებში, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელ კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სასამართლოს რეგლამენტი და მტკიცებულების ადმინისტრირების წესი, დანაშაულების ელემენტების დოკუმენტი, შეთანხმება სასამართლოსა და გაერთიანებულ ერებს შორის ურთიერთობების შესახებ, შეთანხმება სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ.

დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის არჩევნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიის ფარგლებში 2018 წლის 5 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა. ასამბლეა ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრაა, სადაც მონაწილე 123 სახელმწიფოს დელეგაციის მიერ მთავარი სტრატეგიული საკითხები განიხილება.

წლევანდელ რიგით მე-17 სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენების ძირითადი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების – ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა იქნება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 5, 2018 17:03