გოჩა მირცხულავა: ამ თამაშში მოგებული დარჩა ქართველი ხალხი, რომელიც შეიძლებოდა ერთმანეთს შესკდომოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 10, 2020 23:57

გოჩა მირცხულავა: ამ თამაშში მოგებული დარჩა ქართველი ხალხი, რომელიც შეიძლებოდა ერთმანეთს შესკდომოდა

დასავლეთის ჩარევის შემდეგ პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდა რომ არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარდება. არადა ოპოზიცია ამბობდა რომ ისინი მხოლოდ პროპორციულ წესს დათანხმდებოდნენ და თან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. სრულად პროპორციული წესით არჩევნები არ ჩატარდება და თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება. მათი მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა დადო.

ვინ გვატყუებს პოზიცია თუ ოპოზიცია? – ამის შესახებ „თაიმერს“ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

– ამ დღეებში „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, ამის გამო ორივე მხარე კმაყოფილი იყო, მაგრამ ახლა იმაზე დაიწყო კამათი შეთანხმდნენ თუ არა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. რა ხდება, ვინ იტყუება?

– მას შემდეგ რაც პარლამენტმა არ მიიღო ცვლილებები, რომ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებულიყო, ყველასთვის გასაგები გახდა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდებოდა. ეს ან დღეს არსებული სისტემა იქნებოდა, ან მაჟორიტარების რაოდენობას შეამცირებდნენ. ამ ინიციატივით „ქართული ოცნება“ გამოვიდა და მათ ოპოზიციას პრინციპი 100/50-ზე შესთავაზეს.  მანამდე ოპოზიცია გარდაუვლად ითხოვდა გასული წლის 24 ივნისს გაცემული დაპირების შესრულებას. იმ დღეს ივანიშვილმა დადო პირობა რომ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა.

პროპორციულთან მიახლოებული ოპტიმალური ვარიანტი გახლდათ 120/30=ზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში ვწერდი და ვთავაზობდი ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით დაეწყო მუშაობა საკუთარ გუნდში. მაშინ ოპოზიციას შეგნებულად არ მივმართე. იმ დროისთვის ისინი ძალიან ხისტ ულტიმატუმს აყენებდნენ. ისინი საბოლოდ არ იყვნენ ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით სრულად პროპორციული არჩევნები უნდოდათ, თუ პრინციპი 149/1-ზე.  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ხელისუფლება ცდილობდა შეენარჩუნებინა, ეს შერეული სისტემა, მათ შორის ყოფილი ხელისუფლებაც, რომელიც ახლა ყველაზე მწვავედ ითხოვდა არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას. ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფო ორპალატიანი პარლამენტს იმსახურებს და ეს იქნება ყველაზე კარგი მიმართულება.

რაღაც პერიოდში ოპოზიცია მიხვდა იმას, რომ არსებული შერეული სისტემით ხელისუფლების დამარცხება იქნებოდა შეუძლებელი და სწორედ ამან გააჩინა სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. წლების წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სულ ბრიყვები ეძახა იმ ადამიანებს, ვინც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვდა.

აქ მნიშვნელოვანი იყო პატარ-პატარა პარტიების ინტერესები. შერეული სისტემის გაუქმების მოთხოვნა დიდ მნიშვნელობას იძენდა. ითქვა რომ აი, ნახეთ მთელი ოპოზიცია ითხოვს სრულად პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლება წინააღმდეგია. მერე ხელისუფლება დათანხმდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. იმ დღეს როცა პარლამენტმა ეს საკითხი განიხილა, ჯერ კიდევ განხილვის დაწყებამდე ოპოზიცია შეიკრიბა ლეიბორისტების ოფისში. სადაც გაკეთდა განცხადებები, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული სისტემითაც დაამარცხებდნენ. ეს განცხადებები განკუთვნილი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ქართული საზოგადოებისთვის არავის უკითხავს, რა მოდელი აწყობდა მას. ამასთან დაკავშირებით არც რეფერენდუმი ჩატარებულა და არც პლებისციტი. პოლიტიკურმა სპექტრმა ეს საკუთარ თავზე აიღო და ხალხის აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რაც არის კარგი. კარგი იმიტომაა, რომ ის პროცესები, რაც გასული წლის ივნისიდან დაიწყო გარკვეულწილად დასტაბილურდება.  ახლა ოპოზიცია ამბობს, რომ დასავლეთის ჩარევის შემდეგ ხელისუფლებამ გამოიჩინა გონიერება და დათმობაზე წავიდა. ახლა მე მაქვს ოპოზიციასთან კითხვა, მათი აზრით „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება პრორუსულ ძალად. ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია.

-რატომ არის მნიშვნელოვანი?

-მთელი ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა.  „ოცნება“ პრორუსული რომ ყოფილიყო, იმას არ დათანხმდებოდა, რასაც ამ დღეებში დათანხმდა. ქართული პოლიტიკური სპექტრი უკიდურესი იარლიყების მიკერებას მიეჩვია. უკიდურესი იარლიყი დღეისათვის არის პრორუსული. იარლიყების ასე უსაფუძვლოდ მიკერება ძალიან ცუდია. განსაკუთრებით ამ ვითარებაში. დღეს ოპოზიციური სპექტრი ძალიან წარმატებულად ზის იმ მაგიდასთან სადაც სხედან პრორუსული ძალის წარმომადგენლები. რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ იმის გამო ლანძღავდნენ, რომ ისინი იყვნენ პრორუსულები.

– ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ?

-დიახ. მასთან დაკავშირებით უფრო მძაფრი განცხადებებიც კეთდებოდა, ვიდრე უბრალოდ პრორუსულობაა. მისი ოპონენტები იმ საუბრის ჩანაწერსაც იშველიებდნენ, რომლიც როგორც გვეუბნებიან 2011 წლის 26 მაისის დარბევამდე არის ჩაწერილი. სადაც 500 რუსი მებრძოლის შემოყვანაზე და სხვა რაღაცებზე საუბარი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძეს ლამის სამშობლოს მოღალატედ აცხადებდნენ. ახლა მასთან გადასარევად ურთიერთობენ. საოცარია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ლამის ნომერ პირველი მხარდამჭერი გახდა დავით ბერძენიშვილი.

– ეს რატომ არის საოცარი?

– იმიტომ რომ 2007 წელს დავით ბერძენიშვილის ძმა, ლევან ბერძენიშვილი ლამის სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. ეს ნიკა გვარამიამ გაახმოვანა.მე არ ვიცი ლევან ბერძენიშვილმა მას და სააკაშვილს პიროვნულად აპატია, თუ არა. ჩვენ იმ პერიოდში დაგვარწმუნეს, რომ მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის აგენტები იყვნენ. დღეს ისინი მშვენივრად ურთიერთობენ ერთმანეთთან.

ზომიერება ოპოზიციასაც აკლია და ხელისუფლებასაც. პოლიტიკა საკმაოდ პრაგმატული რამ გახლავთ და მას თავისი კანონზომიერებები გააჩნია. ამ კანონზომიერებიდან დგება საბოლოო შედეგი. ამ პრაგმატიზმის კანონზომიერებას რომ ქართული პოლიტიკური ემოცია არ ექვემდებარება, ესეც ცხადია. ამასთან იმის თქმაც შემიძლია რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ გონს ორი სუბიექტი მართავს – ერთ მხარეს ნიკა გვარამიაა, მეორე მხარეს შალვა რამიშვილი.

ობიექტურად თუ შევაფასებთ მოვლენებს, აშკარაა რომ ორივე მხარეს რაღაცის და მომავლის ეშინია. შესაბამისად ისინი საკუთარ გუნდებსაც აშანტაჟებენ და საკუთარ მხარდამჭერებსაც. პოლიტიკა კი ასე არ კეთდება, ადამიანები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ქართულ საზოგადოებას შიშის ქვეშ ყოფნა უკვე მოყირჭდა. აღარც ბიძინა ივანიშვილი გამოდგება ბუად და აღარც მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან კარგია რომ დასავლეთის ჩარევით შეთანხმება შედგა, ეს სიტუაციას რაღაცნაირად დაასტაბილურებს, მაგრამ სამომავლოდ მაინც ვხედავ რაღაც ხიფათებს.

– რა ხიფათებს ხედავთ?

– იმას რომ ჩვენ არ ვიცით, თუ სინამდვილეში რა სურთ პოლიტიკურ ძალებს. ხალხს არავის მიმართ აღარ აქვს ნდობა, რადგანაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვინც კი იყო ხელისუფლებაში ყველა ამბობდა, რომ მე ვარ კანონიო. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არავისთან კოალიციის შექმნა არ დასჭირდება და დამოუკიდებლად დააკომპლექტებს მთავრობას. ეს განცხადებები პირველ რიგში „ოცნების“ მომხრეებისთვის კეთდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვინც „ოცნებას“ დაუჭერს მხარს არის მონა. თუ დღევანდელი ხელისუფლება მოიგებს არჩევნებს, მაშინ რას იტყვიან რომ მონებმა გაიმარჯვეს? ასევე მაინტერესებს რას იტყვიან „ოცნების“ მომხრეები, თუ ოპოზიციას დარჩება გამარჯვება. იმის მტკიცებას დაიწყებენ რომ სისიხლის მსმენელებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციის ფლანგზე მთავარი მოთამაშე ნაციონალური მოძრაობაა, ნაციონალებს კი სისხლისმსმელ ძალას ეძახიან.

– პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ხელისუფლება ამბობს რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ გათავისუფლებას დათანხმდა.

– პოლიტპატიმრების თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ფრთხილად უნდა ისაუბროს. თავის დროზე მათ ეკა ბესელიას თამადობით პოლიტპატიმრების კუში მოხსნეს. ნანა კაკაბაძემ და ეკა ბესელიამ უამრავი ადამიანი გამოიყვანეს ციხეებიდან. როგორც ამბობენ, მათი ნაწილის ციხიდან გამოშვებას მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც კი ეწინააღმდეგებოდა.

– ამის შესახებ ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა.

– ნანა კაკაბაძემ და ეკა ბესელიამ ლამის 200-მდე ადამიანს მიანიჭეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ამით არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ საკუთარ თავს გაუკეთეს ხარაკირი. ახლა იგივე ხარაკირის იკეთებს ოპოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შეთანხმებას. გამოქვეყნებული მემორანდუმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იქ ამაზე საუბარი არ არის. სავარაუდოდ ეს კულუარული მოლაპარაკებების თემა იყო. ამიტომ საჯაროდ მისი გარეთ გამოტანა არ უნდა მომხდარიყო. მათ უნდა ეთქვათ, რომ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით ელოდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მეტი არაფერი. გარიგებები ასე არ ხდება.

ზოგადად გარიგებები და პოლიტიკური ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. რასაც შეთანხმება ჰქვია, ამას ვაჭრობასაც ეძახიან. აქ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, რომ ამ გარიგებაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი.

ოპოზიცია შეეცადა მოიხდინა იმის აფიშირება. რომ იყვნენ წარმატებულები. რაღაც დონის შეთანხმება ალბათ არის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი საჭირო არ იყო. პროცესი უნდა წასულიყო კულუარულად დეტალები არ უნდა გამოსულიყო.  ოპოზიციამაც და „ქართულმა ოცნებამაც“ დააზიანეს საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში მოგებული დარჩა ქართველი ხალხი, რომელიც შეიძლებოდა ერთმანეთს შესკდომოდა. მადლობა დიპლომატიურ კორპუსს რომ შეთანხმება იქნა მიღწეული. მადლობა ქართველ ხალხსაც, რომლის შეგნება ძალიან გაიზარდა და შემდეგში პროვოკატორებს უფრო დასჯის, ვიდრე იმათ , ვისკენაც პროვოკაცია იქნება მიმართული.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 10, 2020 23:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics