პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მკაცრად აკრიტიკებს ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2026 წლის 1-ელ მარტამდე აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეების ამნისტიას ითვალისწინებს.
წილოსანის განცხადებით, კანონდამრღვევებმა „გმირობის საფასური“ თავად უნდა გადაიხადონ.
“რა საინტერესო ფაქტის წინაშე დადგა საზოგადოება – გახარიას პარტია არ უჭერს მხარს საქართველოს ბიუჯეტს, გამჭვირვალობას, უცხოური გავლენების საქართველოში შემცირებას, ოჯახურ ღირებულებებს – არაფერს ღირებულს ისინი არ უჭერენ მხარს.
ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ, აქციების შედეგად სწორად, ლეგიტიმურად დაჯარიმებული ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სწორედ მათ ინტერესებში მოქმედებდნენ. თავისთავად ყველა იმ ანტიქართული და მოძალადეობრივი პოლიტიკური ძალის ინტერესი იყო იმ აქციების არსებობა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ის დიდი ტალღა, რომელიც ამ აქციების დროს ხორციელდებოდა. ამიტომ, ეჭვიც არ გვეპარება, რომ გახარიას პარტიას, ისევე როგორც მათ დედა პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას”, ადარდებს ამ აქციების და აქციის მონაწილეების ბედი.
თითოეულ ადამიანს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის საშუალება – დაერღვია თუ არა კანონი. სწორედ კანონის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მათ შორის სხვა მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის ბრალდებით, მათ დაეკისრათ ჯარიმები, რომელიც ვფიქრობ, რომ მათივე პასუხისმგებლობის და ინტერესის ქვეშ უნდა იყოს, რომ ვითომ ასეთი გამოცხადებული გმირობის საფასური გადაიხადონ.
თავად ხომ წარმოაჩენენ, რომ ეს გმირობა იყო და თავდადება, ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ ისევ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი პასუხისმგებლობისგან. როდესაც კანონს არღვევს ადამიანი, ის გააზრებულად მიდის იმაზე, რომ იყოს კანონდამრღვევი და, შესაბამისად, აქვს პასუხისმგებლობა, რომ აიღოს შესაბამის შედეგებზე პასუხი”, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს.
დეპუტატის, სოფო ხორგუანის განმარტებით, კანონპროექტი გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და რომელთა მიმართ 174-ე პრიმა მუხლით გამოცემულია დადგენილება 2026 წლის 1-ელ მარტამდე და შეფარდებულია ჯარიმა.
ხორგუანის თქმით, კანონპროექტი გულისხმობს, როგორც გადაუხდელი, ასევე გადახდილი 8 ათასამდე ჯარიმა-საურავების ამნისტიას.


















