„გლოვოს“ ნაცემი კურიერის, დავით დვალიშვილის საქმეზე გამოძიებამ კვალიფიკაცია დაამძიმა და პროცესი ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს. ამის შესახებ დაზარალებულის ადვოკატი ია სირანიშვილი იუწყება.
ადვოკატის ცნობით, სასამართლომ უკვე შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა თავდასხმაში მონაწილე სამ პირს — ორ არასრულწლოვანსა და ერთ სრულწლოვანს.
ამასთან, ია სირანიშვილი აღნიშნავს, რომ თავდასხმაში მონაწილე კიდევ ორი პირი ამ დრომდე არ არის დაკავებული.
„საქმე ჯერ არ დასრულებულა. მოვუწოდებ საზოგადოებას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ვინაიდან თავდასხმაში მონაწილე დანარჩენი ორი პირი ამ დრომდე თავისუფლებაზეა! ჩვენი ბრძოლა გრძელდება სამართლიანობის სრულ აღდგენამდე!“ — წერს ადვოკატი.














