გლდანის რაიონის გამგეობამ 2015 წელს სოციალური დახმარებისთვის 1 344 960 ლარი გამოყო

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ ადგილობრივ მოსახლეობას, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დედაქალაქის მერის განცხადებით, გლდანის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია და წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა.

“გლდანის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია და შესაბამისად, აქ ძალიან ბევრი მოსახლე ცხოვრობს, რომლებსაც ჩვენი აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, გლდანის ბიუჯეტი ყველა გამგეობის ბიუჯეტზე მეტია, რათა რაიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ. 2015 წელს გლდანში ძალიან ბევრი შიდაკვარტალური გზა გაკეთდა, მოეწყო სათამაშო მოედნები, სკვერები. აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერის თვალსაზრისით და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, როგორც მედიკამენტებით, ასევე სოციალური დახმარების თვალსაზრისით. ამასთან, 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით, საერთო სარგებლობის ეზოების, სახურავების შეკეთების, სადარბაზოების მოწესრიგების მიმართულებით. აღსანიშნავია , რომ გლდანში, გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 30 000-ზე მეტი ხე დაირგო, როგორც უშუალოდ გამგეობისა და ამხანაგობების მეშვეობით, ასევე, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ. რაიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით გამგეობა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში 51 ობიექტზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, ჯამში, 2 271 933,28 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, კაპიტალურად შეკეთდა 3 ქუჩა, ჩატარდა გზის ორმოული სამუშაოები, დაიგო გზები, მოეწყო ბეტონის კედლები, საერთო სარგებლობის
კიბეები.

მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 306 პროექტი 1 776864,18 ლარით დააფინანსა, გარემონტდა დაზიანებული სახლების სახურავები, გამაგრდა საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მოეწყო სპორტული მოედნები, სკვერები, კიბეები და საერთო სარგებლობის აივნები.

ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამგეობის მიერ 148066,28 ლარი დაიხარჯა. ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენა-შეკეთების სამუშაოებისთვის ათვისებულ იქნა 107 877,54 ლარი.

ამასთან, სოციალური დახმარება გაეწია 8 227 მოქალაქეს, მათ შორის მრავალშვილიან დედებსა და ომის ვეტერანებს, რისთვისაც გამგეობამ 1 344 960,37 ლარი გამოჰყო. კეთილმოეწყო 9 უფასო სასადილო, რომელიც 5 830 ბენეფიციარს ემსახურება. გამგეობამ ბინის ქირით უზრუნველყო 111 ოჯახი.

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ , ანგარიშში ყურადღება, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე გაამახვილა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში 100 000 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის ბოლოს ბესიკ ქარცივაძემ სამომავლო პროექტებსა და გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება.

გლდანის რაიონის გამგეობაში გამართულ პრეზენტაციას, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის გამგებლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში21 დეკემბრიდან ვარდების რევოლუციის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა