“ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრი “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, რომელიც 8 ოქტომბერს საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს, სიკვდილამდე დაკითხვებზე დაჰყავდათ.
დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი ძალადობის შემდეგ დატოვა. იუსტიციის სამინისტრომ ეს ამბავი 21 აგვისტოს გაავრცელა. სავარაუდოდ, გოგობერიშვილი დაკითხვაზე სწორედ პოსტიდან წასვლის შემდეგ მიიყვანეს.
ოფიციალური ვერსიით, გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა თავი წყალტუბოს ქუჩაზე ავტოფარეხში მოიკლა. მანქანის დახურული სადგომი კორპუსის ეზოშია, წესით, გასროლის ხმა პირველ სართულზე მდებარე ბინაში ყველაზე კარგად უნდა გაეგოთ, თუმცა მეზობელი ამბობს, რომ სროლა არ გაუგია. დავით გოგობერიშვილი სახლში მარტო იყო, მშობლები რაჭაში იყვნენ, ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ეთერს” მეზობლები აწვდიან.
ოფიციალური ვერსიით, გლდანის საპატიმროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ავტოფარეხი აირჩია თვითმკვლელობის ადგილად, რომელიც გამოძიების ცნობით, შიგნიდან ჩაკეტილი იყო.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დავით გოგობერიშვილის გამოკითხვის ამბავი “შაბათის ეთერს” პაატა სალიამ დაუდასტურა. გამოძიებას ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი თავდასხმის დეტალები აინტერესებდა. ცხრა ოქტომბერს გოგობერიშვილის სიკვდილიდან მეორე დღეს სუს-ში, საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, რომ გამოძიებას ისინი აწარმოებდნენ და ამ საქმეზე უკვე პირველი დაკავებულიც ჰყავდათ.
მდინარაძის უწყებამ ხელბორკილები პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს დაადო. ახლა ჩნდება კითხვა – იყო თუ არა გოგობერიშვილი გენ ინსპექციის შემდეგ გამოკითხვაზე სუს-შიც?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხრა ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ციხეების ყოფილი შეფი გიორგი ქემოკლიძე ბაჩიაშვილთან გარიგებაში შევიდა. სუს-ის ამ ვერსიით, ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა საკანში აცემინა თავი პატიმარს, რომ მსხვერპლის როლი მოერგო. დაჭერილმა ქემოკლიძემ ადვოკატის საშუალებით ჩვენ გვითხრა, რომ ეს ტყუილია.
ჩნდება კითხვა, ხომ არ აიძულებდნენ გლდანის ციხის ყოფილ უფროსსაც ჩვენება მისი ყოფილი შეფის წინააღმდეგ მიეცა და ეთქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა თავად დაუკვეთა ცემა და შემდეგ კვალის წაშლის მიზნით როგორც სუსი ამტკიცებს, კადრები წაეშალა.
ეს ინტერვიუ პაატა სალიამ “შაბათის ეთერს” ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მალევე მისცა. ის აქ ამბობს რომ, ვიდეოები არსებობს. 9 ოქტომბერს კი, დილით ვიდრე სუსი იტყოდა რომ ბაჩიაშვილთან შეთანხმებით ციხეების ყოფილი უფროსის ყოფილმა მოადგილემ ქემოკლიძემ კადრები წაშალა სალია გვარწმუნებდა, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არსებობს.
















