გივი თარგამაძე: შავი სკაროსის ხაზეინი ხაზარაძეს ფეხებს ვერ მოჭამს

ყოფილი დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე  სოციალური  ქსელში თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს.

,,კვირიკაშვილის გაპარტახება-გათავისუფლებისთანავე შეიქნა მოლოდინი – ეგზეკუციის რა ფორმას შეარჩევს სულთამხუთავი – გუნდის მოშთობით დაკმაყოფილდება თუ ხაზარაძის სრულ განადგურებას გადაწყვეტს.

დღეს კითხვა აღარ არსებობს – ანაკლიის პროექტს სახელმწიფო მხარდაჭერა მთლიანად გამოაცალეს, ახლადდაანონსებული ფოთის პორტის და ბათუმის ტერმინალის პროექტები ამ მხარდაჭერით სრულად აღჭურვეს, TBC ბანკი ეროვნული ბანკით მიაზონდერეს, პროკურატურის ხელით პირადად ხაზარაძე საერთაშორისო მასშტაბით გააშავეს….

შესაბამისად, აწი ყოველივე მოქმედებაზეა დამოკიდებული. თუკი ბატონი ხაზარაძე გუშინდელი განცხადების სულისკვეთების ერთგული იქნება მოქმედებაშიც, შავი სკაროსის ხაზეინი მას, მომენტისთვის შესაფერისად უხეშად თუ ვიტყვით, ფეხებს ვერ მოჭამს.

ამისათვის აუცილებელია მოქმედების საჯარო სივრცეში გადმოტანა. გლუვთან დახურულად თამაშში ყველა ორთაბრძოლა წინასწარ წაგებულია, რადგანაც თამაშობ მის მოედანზე, სადაც მსაჯიც მისია და კომისარიც. საჯარო სივრცე საზოგადოების მოედანია, სადაც გლუვს თამაში უჭირს კი არა, არ შეუძლია და სადაც ის საბოლოოდ დამარცხდება.

ამდენად, TBC ბანკის თითქმის ათიათასამდე თანამშრომელმა, ისევე, როგორც საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა მხარდაჭერა უნდა აღუთქვას ბატონ ხაზარაძეს საჯარო ბრძოლაში და ისიც უნდა შეახსენოს, რომ დღეს მათი ბედი მის მოქმედებაზეა დამოკიდებული”- აქვეყნებს საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება”