გივი თარგამაძე: პასუხები არა ოდესღაც, არამედ, სწრაფად

ოპერაცია დასრულდა. შეფასებების გაკეთებამდე კითხვების დასმის დროა. რამოდენიმე ფუნდამენტური კითხვაა: როდის იქნა მოპოვებული პირველადი ინფორმაცია დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ; პირველადი ინფორმაცია იქნა მოპოვებული ღია წყაროებიდან, აგენტურული ქსელიდან, თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან; იმყოფებოდა თუ არა ჯგუფი სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ, თუ იმყოფებოდა, რამდენი ხნის მანძილზე; როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯგუფის გადაუდებელ დაკავებაზე; რამ განაპირობა გადაწყვეტილების მიღება ჯგუფის გადაუდებელ დაკავებაზე ქალაქის ცენტრალური ნაწილის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, მრავალსართულიან კორპუსში განლაგებულ საცხოვრებელ ბინაში; როდის შედგა ოპერაციის გეგმა, ვინ შეადგინა ის; როდის შედგა ოპერაციის შტაბი, ვინ შედიოდა მასში, ვინ ხელმძღვანელობდა შტაბს; როგორ განაწილდა ფუნქციები შტაბში, ასევე, უსიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს შორის; რა ბრძანებები გასცა შტაბმა ოპერაციის დაწყებიდან დასრულებამდე.
ამ კითხვებზე პასუხების გაცემის ფორმატი განსაზღვროს ხელისუფლებამ (საპარლამენტო კომიტეტი ალბათ ყველაზე ადექვატურია), რამდენად სწორ ფორმატს შეარჩევენ, ამას განსაზღვრავს საზოგადოება, ისევე, როგორც იმას, რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება პასუხები. პასუხები კი აუცილებლად უნდა გაიცეს, არა ოდესღაც, არამედ, სწრაფად.

გივი თარგამაძე

ვირუსის ბლოკატორები