გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის შესაძლო კავშირზე საუბრობს.
როგორც თარგამაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, თამაზაშვილი იმ პირთა შორის იყო, რომლებიც 2016 წელს მისი ავტომობილის აფეთქების საქმეში ფიგურირებდნენ.
„მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, შემსრულებლიდან გამომდინარე, ამ ამფეთქებლების, იქ ორი მიმართულება იყო, ერთი იყო ოთანაძის ადამიანი და მეორე იმ ბანდის, ჭიჭიაშვილის ბანდის, რომლის კურატორიც იყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, თამაზაშვილი, როგორც სამხარეო პოლიციის უფროსი. მათი შერჩეული იყო ეს შემსრულებელი, ვიცი ეს უბრალოდ“, – განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. იმ პერიოდში თარგამაძე პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო. თავდასხმის შედეგად ის გადარჩა, თუმცა დაშავდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები.
საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი იძებნებოდა.
რაც შეეხება ბორის ჩაგუნავას, რომელსაც იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით სასჯელი ექვსწლიანი პირობითი მსჯავრით შეიცვალა.

















