გივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მისი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია

გივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მისი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ გეგმავს საკუთარი გამოძიების გაგრძელებას, რათა დაადგინოს მის საქმეში ფიგურანტი ყველა პირი. თარგამაძე კვლავ ითხოვს მის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

“ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საკუთარი გამოძიება, საკმაოდ შორს ვარ წასული. პრაქტიკულად ჩემთვის ცნობილია უშუალოდ ტერაქტის განმახორციელებელი ყველა პირი, ასევე ცნობილია დაკავშირებული პირები. ისინი გამოკვეთილია გამოძიებაშიც, მაგრამ მათ მიმართ არ ტარდება არც ოპერატიული და არც პროცესუალური მოქმედებები. ჩემთვის ასევე ცნობილია დაკვეთის მიმართულება, ეს არის როგორც რუსული, ასევე ქართული სპეცსამსახურები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ასევე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. დასაზუსტებელი დამრჩა ის დამკვეთები, რომლებმაც ჩემი პერსონიფიცირება მოახდინეს, როგორც ტერორისტული აქტის ობიექტის და მოსაძიებელი მაქვს დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი გამოძიების შედეგებს გაამაგრებს. ამას მე გავაკეთებ და მაშინ როდესაც სასამართლო იქნება იმ კონდიციაში, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, განიხილავს კიდეც. აბრამიშვილისგან განსხვავებით, რომელიც მოსკოვში ჩანს ჩემზე განხორციელებული ტერაქტის საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად, ხეჩუაშვილი აფეთქების შემდეგ საერთოდ არსად არ გამოჩენილა. ჩემი მცდელობები, მისი გადაადგილების შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებაზე, უშედეგოა. აქედან გამომდინარე, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხეჩუაშვილი საერთოდ ლიკვიდირებული იყოს. თუ ადვოკატი კონკრეტულად იძახის, რომ ხეჩუაშვილი მოსკოვში მუშაობს, კარგი იქნება თუ ამის ცნობასაც წარმოადგენს”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიარავინ იცის, კიდევ რომელი ობიექტი დაიწვება ,,უხერხულად” და საერთოდ, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ უხერხულად ამ უხერხულ ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა გაჩერდეს