ერთი დღეც არ გვაქვს დასაკარგი, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს. ქვეყანას იმ მოდელს ვთავაზობთ, რომელიც დამკვიდრებულია ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი ცესკო-ს ირჩევს, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ფრთის პოზიცია არის, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია, მათთვის მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი გუნდისთვის არის მისაღები.
„უფრო მაღალი სტანდარტი შემოგვაქვს და ოპოზიციას ვთავაზობთ, რომ პირველ ცდაზე კვორუმი უფრო მაღალი იყოს. ამ მოცემულობაში თანხვედრაა ევროპულ პრაქტიკასთან. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, ეს არის კიდევ ერთი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ. ასევე რეალური პარალელი ჩნდება იმ ნარატივთან, რომ ოპოზიციური რადიკალური ფრთა ცდილობს ქვეყანაში განავითაროს. რადიკალური ფრთის პოზიცია რა არის? – ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია, როგორი პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს, მათთვის მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღებია“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძის განცხადებით, პრეზიდენტს კალანდარიშვილის წინააღმდეგ არგუმენტები არ აქვს.
„მისი ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ კონსენსუსი ვერ შედგა კანდიდატურაზე. ვერც შედგებოდა, რადგან ამ ადამიანის მიმართ ერთი მხილებაც კი არ არის. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს ეუთო/ოდირი და არაერთი საერთაშორისო პრიზი, რაც კალანდარიშვილის თავმჯდომარეობის დროს ცესკო-მ მიიღო, როგორც სამაგალითო და სანიმუშო ადმინისტრაციამ არჩევნების ჩატარებისთვის. ეს დაიგნორებულია და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს. ამ სიტუაციაში ვეტო გაუგებარი და მიუღებელია. გასაგებია, რა მოტივითაა ნაკარნახევი. ჩვენ გვაბრალებენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნებს არ ვიზიარებთ, მაგრამ პრეზიდენტის შენიშვნები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისიც არ ითვალისწინებს. თურმე, მისთვის შესაძლებელია არ გაითვალისწინოს და ისეთი ვერსია შემოგვთავაზოს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ არის“, – განაცხადა მიქანაძემ.