საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების 1 წლით გადავადების გადაწყვეტილება ივლისის გამოცდებზე დაფიქსირებულმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის პრინციპმა განაპირობა.
მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა, სამინისტროს პოლიტიკა კი ორიენტირებულია თითოეული პედაგოგის მხარდაჭერასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სკოლებში კადრების დანაკლისი არ შეიქმნას.
უახლოეს თვეებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ გადამზადებებს დაგეგმავს. პედაგოგებს გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომავალი წლის ივნისში ექნებათ, ხოლო გაზაფხულზე გადამზადების დამატებითი ეტაპი ჩატარდება.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოქმედ მასწავლებლებს საკუთარი კომპეტენციის დადასტურების საბოლოო ვადად 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი განესაზღვრათ.














