გივი მიქანაძე და ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუსის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ათენში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის საკითხები განიხილეს, რომელიც 28-30 ივნისს გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შედგება. ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთის პარლამენტის საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ურთიერთობის და კულტურის კომიტეტებში გამართავენ შეხვედრებს. დაგეგმილია ასევე შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებთან. გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელებთანაც გაიმართოს, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობებს, ნატოსთან თანამშრომლობას და ევროკავშირის საკითხებს კურირებენ.

„ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია, ბერძნულ მხარეს პირველ წყაროდან მიეწოდოს. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ორი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საკითხებსაც განიხილავს, რომელზეც მუშაობა ჩვენი ინიციატივით უკვე დაწყებულია და დოკუმენტი განხილვის პროცესშია. შეხვედრაზე საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შევეხეთ და საბერძნეთის პარლამენტში დაგეგმილ გამოფენის შესახებ ვისაუბრეთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ელისო ბოლქვაძემ ბერძენ დიპლომატს მისი პატრონაჟით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო უწყებების ხელშეწყობით დაგეგმილი ბათუმის ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ფესტივალის ერთი დღე საბერძნეთის მიმართულებას დაეთმოს. აღნიშნულის ორგანიზებისთვის, მარია თეოდორუსმა, კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერა და ბერძნული მხარის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარება აღუთქვა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრეზიდენტი – უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ბარბაროსული ქმედებები ჩაიდინა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩების შეხვედრა დასრულდა, სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შეთანხმებისგან – რიკარდ იოზვიაკი