ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ ევროპული ქვეყნები ნატო-ს ხარჯების ხუთპროცენტიან ამოცანას ვერ შეასრულებენ, ალიანსი „ორ ან სამ ნაწილად“ გაიყოფა. მისი შეფასებით, წევრ ქვეყნებს შორის ხარჯების კუთხით დიდი დისბალანსი საფრთხეს შეუქმნის კოლექტიური თავდაცვის სულისკვეთებასა და სოლიდარობას.
ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელი იქნება სიტუაცია, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს მიზნის მისაღწევად, სხვები კი 2%-იან ან 2.5%-იან ნიშნულზე შეყოვნდებიან.
„ეს ალიანსს, ბუნებრივია, ორ ან სამ ნაწილად დაყოფს და ეს არც ისე კარგია ალიანსში კოლექტიური თავდაცვის სულისკვეთებისა და ჩვენი სოლიდარობისთვის“, — აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს მოკავშირეები (ესპანეთის გარდა) გასულ წელს ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს დახარჯავენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ მაჩვენებლით ლიდერები არიან. ანკარაში მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე პოზიციების შესათანხმებლად, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერები ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდნენ.


















