გისურვებ, პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს შენი კაბინეტის კარი ჩარაზული – ელისაშვილი პაპუაშვილს

გისურვებ, რომ პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს ოპოზიციისთვის ჩარაზული კარი შენს კაბინეტში, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს.

„სასიამოვნოა ის, რომ ოპოზიციიდან ისმის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ქება. მართალია, გაუგებარია რატომ წავიდა კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი მადლობა მას. ის იყო ყველას თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის და „ქართული ოცნების“. ნებისმიერ, ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც შეეძლო მასთან მშვიდად საუბარი. ჩემი აზრით, ეს გვჭირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, არასდროს ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს. პირადად მაქვს მასთან განათლების კომიტეტში ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება.

იყო ამ პარლამენტში შალვას მონაწილეობით უსიამოვნო ინციდენტი, თუმცა უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის. შალვას ვუსურვებდი, ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ, რომ პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს ოპოზიციისთვის ჩარაზული კარი შენს კაბინეტში. შეიქმნას საქმიანი სივრცე პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და ქვეყნის პრობლემებზე“,-განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი პაპუაშვილს – გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს