გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ჯგუფურ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. უფლებადამცველი ქვეყანაში არსებულ სისტემურ დაუსჯელობის სინდრომზე ამახვილებს ყურადღებას და მომხდარს რეზონანსულ „გირგვლიანის საქმეს“ ადარებს.
მიგინეიშვილის განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან აგრესია და მოქალაქეების ცემა ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ვიდეომტკიცებულებამ ითამაშა.
„ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? — არა. ახალია რამე დაუსჯელობის გამო კიდევ უფრო მეტად გაბოროტებული პოლიციელების გაზრდილ რაოდენობაში? — არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს. არ გაუმართლა ბევრ სხვას, რომლებზეც ჩვენ, ადვოკატები, უკვე თვეებია მუდმივად ვსაუბრობთ“, — აღნიშნავს ადვოკატი.
უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან ვიდეოკადრებში თითოეული მოძალადის იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია, კანონის აღსრულება უმკაცრესი უნდა იყოს. საქმის სიმძიმის აღსაწერად კი მან პარალელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევასთან გაავლო:
„ვიდეოზე თითოეული მოძალადის სახე ჩანს. თითოეულის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ყველა მათგანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გირგვლიანზე თავდასხმის კადრები რომ გადაეღოთ, ალბათ, მსგავსი იქნებოდა“, — წერს თორნიკე მიგინეიშვილი.


















