„გირგვლიანის საქმესთან შედარება უსამართლობაა” – ბესელია პრეზიდენტის მიერ სარალიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს

„გირგვლიანის საქმესთან შედარება უსამართლობაა იმიტომაც, რომ მთელი სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, პრეზიდენტი, გამოძიება – ყველა იყო იმ ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ასე თქვა სტრასბურგის სასამართლომ,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მსგავსად, შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძეც “ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს”.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება სამართლიანი არ არის. ბესელიას შეფასებით, დღეს სახელმწიფო სტრუქტურები მოზარდების მკვლელობის საქმის გახსნის მომხრეები არიან.

„შეიძლება პრეზიდენტს პოლიტიკური დღის წესრიგი აინტერესებს, მაგრამ მე მაინტერესებს, როგორც იურისტს, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს ამ ფაქტებს. მგონია, რომ სწორედ ეს არის მთავარი – სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური დღის წესრიგი გასაგებია, ვისაც აწყობს,“- განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი სკანდალურ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს. ბესელიას თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებში რაიმე ფაქტის დაფარვა არ არის.

„ჩვენს ინტერესებში არ არის, მე პოლიტიკურ გუნდზე ვსაუბრობ, რომ მიიჩქმალოს რაიმე. მე არ ვიცი მირზა სუბელიანი პოლიტიკოსი, მე არ ვიცი მირზა სუბელიანი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მე მას პირადად არც ვიცნობ. ეს იქნება სუბელიანი, თუ რომელიმე სხვა პირი, რომელსაც გამოძიებასთან ჰქონდა შეხება და დადასტურდება, რომ აქვს დანაშაული ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანთან იმ შინაარსის საუბარი ჰქონდა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა
შემდეგი სტატიაძალიან პოლიტიკური დღის წესრიგია – ეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე საუბრობს