“გირჩს” პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც “ბირჟა მაფიას” საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც გავრცელდება

“გირჩს” პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც “ბირჟა მაფიას” საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც გავრცელდება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ციხიდან უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომელთა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ისეთი ჩხრეკის შედეგები, რითაც ამოღებული ნივთის ბრალდებულისადმი კუთვნილება დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით და ჩხრეკა ჩატარებულია კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის მიზანია, ძალადაკარგული კანონის საფუძველზე ციხეში მყოფი ადამიანები გათავისუფლდნენ.

“საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცავთა მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადების ფაქტი. ეს საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ და 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ისეთი ჩხრეკის შედეგები, რითაც ამოღებული ნივთის ბრალდებულისადმი კუთვნილება დასტურდება, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით და ამავდროულად თუ პოლიციელს შეეძლო და არ მიიღო სათანადო ზომები, ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამის მიუხედავად დღემდე ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც ამ წესით მოპოვებული მტკიცებულებებით არიან გასამართლებული, რადგან ქართული მართლმსაჯულება თვლის, რომ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამსუბუქებს პატიმრის მდგომარეობას ან საერთოდ აუქმებს ამ პასუხისმგებლობას.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო, დღევანდელი სასამართლო პრაქტიკით, ისევ ციხეში იჯდებოდა ამავე სარჩელის ავტორი გიორგი ქებურიაც, რომ არა ის პოლიტიკური მოვლენები, რის გამოც მოხერხდა „ბირჟა მაფიას“ საქმეზე დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. ანუ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პრაქტიკაში არ აღსრულებულა, რის დასტურადაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ეს კანონპროექტი ერთ-ერთი პატიმრის – ლაშა ჩიქობავას დასახმარებლად შეიქმნა, რომელმაც ციხიდან მოგვმართა და რომელიც იდენტურ საქმეზე სასჯელს იხდის. 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, მას საპატიმრო სასჯელი, მხოლოდ ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და პოლიციელთა ჩვენებით დადასტურებული ოქმით მიესაჯა მაშინ, როცა უკვე ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ის ნორმა რითაც ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, ძალადაკარგულად გამოცხადებული.

კანონპროექტი ამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით შეგვაქვს, რათა გათავისუფლდნენ ძალადაკარგული კანონის საფუძველზე ციხეში მყოფი ადამიანები,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიბობ მენენდესი – რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, დამანგრეველ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს, ისეთს, როგორიც აქამდე არავის უნახავს
შემდეგი სტატიამე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს