„გირჩის“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები კვირას გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას

„გირჩის“ და „მოქალაქეების“ ლიდერები კვირას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ორ პარტიას კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ძალიან ახლო პოზიციები გვაქვს და საერთო მოქმედების გეგმაზე შევჯერდით. შევჯერდით იმაზე, რომ წავალთ, დაველაპარაკებით ჩვენ და „გირჩის“ ლიდერები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ყველას, ვინც ბარიერი გადალახა და უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა გიორგი ვაშაძესთან, როდესაც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, შემდეგ „ლელოსთან“, შემდეგ სხვებთანაც.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ყველა ახლა ეძებს, თავისი სიტყვის და რიტორიკის ტყვეობიდან როგორ გამოვიდეს. ნებისმიერს დავეხმარებით თავისი რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში, ამას დაცინვის გარეშე, გულწრფელად ვამბობ. ქვეყანა არის კრიზისში, უმძიმეს მდგომარეობაში და ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ, სხვებს მოვუსმინოთ, სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური წინადადება“, – განაცხდა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს მუფთი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას
შემდეგი სტატიაინჯია – მე არავის დანამატი არ ვიქნები