„გირჩი“ უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს „შმაქსაობას“ სთავაზობს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს, შემდეგ კი საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს. პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასე „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს. „შმაქსი“ დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

ჯაფარიძის განცხადებით, პროექტის მიზანი ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მსურველები პროგრამაში ჩასართავად პარტიის სათავო ოფისში უნდა მივიდნენ, სადაც მათთან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება. ამავე დღეს მერიის რეგულაციის დარღვევისთვის „გირჩის“ ლიდერი 200 ლარით დააჯარიმეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : მზად ვარ დებატებში ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით