“გირჩი” ტელეკომპანია “მაესტროსგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს

“გირჩი” ტელეკომპანია “მაესტროსგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.
,,არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც „გირჩის“ ლიდერებმა არაერთ სატელევიზიო კომენტარში აღნიშნეს, რომ პარტია არ გეგმავდა არანაირ გაერთიანებაში შესვლას და მეორე ტურში თავის ამომრჩეველს არ მოუწოდებდა არცერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, ვინაიდან გირჩი დამოუკიდებელი ადამიანებისგან შემდგარი გაერთიანებაა და მისი წევრები და მხარდამჭერები თავად, საკუთარი არჩევანითა და პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებებს.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 8 ნოემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში დიქტორმა თავის ტექსტში თქვა, რომ „გირჩი“ მეორე ტურისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გაუერთიანდა და მის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი.

დღეს დავუკავშირდით „მაესტროს“ საინფორმაციოს ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ტელევიზიის მხრიდან გავრცელებული აღნიშნული დეზინფორმაცია დღევანდელ 2-საათიან გამოშვებაში გამოასწორეს და დააზუსტეს.

თუმცა, წამყვანის ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები, რომ ტელეკომპანიამ ერთი დღით ადრე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ნაცვლად ბოდიშისა, მხოლოდ და მხოლოდ თავის გამართლების მცდელობა მივიღეთ.

ამასთან, ტელეკომპანიამ ისე მოამზადა ზემოთაღნიშნული სიუჟეტები, რომ პარტიის არცერთი ლიდერისთვის კომენტარის მიცემა არ უთხოვია.

პარტია „გირჩი“ ტელეკომპანია „მაესტროსგან“ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, იმავე 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ბოდიშის მოხდას მოითხოვ”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა და ზვიად კვაჭანტირაძე ბრიფინგს გამართავენ