“გირჩი” საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს კონსულტაციებს სთავაზობს

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.

“გირჩი” პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

“მმართველი კოალიცია ფაქტობრივად დაიშალა, ხოლო პოლიტიკური ლანდშაფტი ძირეულად შეიცვალა. დღეს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები არიან სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვიდრე იყვნენ თუნდაც რამდენიმე კვირის წინ.

ამ პარტიებისთვის ცხადზე ცხადია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა აწყობს მხოლოდ ერთ, სახელისუფლებო პარტიას, ანუ, დღევანდელი მდგომარეობით – “ქართულ ოცნებას”. ამ სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური გაერთიანება, გარდა “ქართული ოცნებისა”, აღმოჩნდება უთანასწორო პირობებში.

პოლიტიკურ ძალათა გადანაწილება საქართველოს პარლამენტში გამორიცხავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, როგორც ამას ითხოვდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა.

ერთადერთი საარჩევნო სისტემის შეცვლის ინიციატივა რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი და თანაბარი სათამაშო ველის შექმნას, და უკვე არის რეგისტრირებული პარლამენტში, ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის შესახებ”, – ნათქვამია “გირჩის” განცხადებაში.

პოლიტიკური ცენტრი პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

“მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში, ისევე როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს – კიდევ ერთხელ, ზუსტად გავიაზროთ შექმნილი ვითარება და სწრაფად დავიწყოთ კონსულტაციები საარჩევნო სისტემის შაცვლასთან დაკავშირებით; მივმართავთ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს – დაუყოვნებლივ შევქმნათ ისეთი საკონსულტაციო ფორმატი, რომელიც უზრუნველჰყოფს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ასევე მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს – პარტიებს შორის კონსულტაციების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საზოგდოების მხრიდან ნდობის უზრუნველჰყოფის მიზნით აქტიურად ჩააერთონ და კოორდინაცია გაუწიონ საარჩევნოსისტემის განხილვის პროცესს.

არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები დაიწყოს დღესვე”, – ნათქვამია “გირჩის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატია,,ვართ პარლამენტში და არა “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” ან “თავისუფალი დემოკრატების” თავყრილობაზე”