გირჩი: საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ და TESLA-ს ვეღარ ვათამაშებთ

საბიუჯეტო დაფინანსებით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის „ტესლას“ ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით, თუმცა მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „გირჩისთვის“ გაუგებარია, საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ სცნობს ზოგიერთი პარტია არჩევნების შედეგებს მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების ნაწილში.

„გირჩი“ ბოდიშს უხდის ამომრჩეველს გათამაშებასთან დაკავშირებული დანაპირების შეუსრულებლობისთვის.

„ქართული ოცნების“ საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, „გირჩს“ ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული.

ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის „ტესლას“ ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმავე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.
პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს. პარტიებს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, რისი გაცნობაც შეიძლება მედია და სოციალურ სივრცეში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არაღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა „ტესლას“ ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტირუსულ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს – შუაშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი