“გირჩი” მთავრობის წინააღმდეგ სარჩელში კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” უკვე მეორე სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში საგანგებო სიტუაციის შემოღებას უკავშირდება.

“გირჩი”, ამჯერად, მთავრობის წინააღმდეგ სარჩელში კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრული უფლებამოსილება გადაცემულია საქართველოს მთავრობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევას იწვევს.

მოსარჩელის განცხადებით, ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილებასთან ერთად მუშაობის უფლებაც, რაც შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე პანდემია. მოსარჩელის პოზიციით, დღის იმ მონაკვეთის შემცირება, რომლის განმავლობაშიც პირებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ავტომატურად ზრდის რისკს, რომ ერთსა და იმავე დროს გარეთ უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს და გაიზრდება მათი კონტაქტის ალბათობა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, გირჩის სარჩელის განხილვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით გირჩმა სამი სარჩელი შეიტანა. ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმის შემოღებასთან და კომენდანტის საათთან დაკავშირებით სასამართლომ სარჩელები წარმოებაში მიიღო, მსუბუქ ავტომანქანებში მსხდომთა სამ პირამდე შემცირების რეგულაციასთან დაკავშირებული სარჩელი კი – არა.

 

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლონ
შემდეგი სტატიაშსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა