“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ეროვნულ ბანკთან ყავას 1 დოლარად ყიდიან

გირჩი – მეტი თავისუფლება ეროვნული ბანკის შენობასთან აქციას რეგულაციების დარღვევით მართავს. ისინი მომხმარებელს ყავის სხვა ვალუტით შეძენას სთავაზობენ, რაც მოქმედი რეგულაციით აკრძალულია.

აქცია-პერფორმანსით პარტიის წევრები დემონსტრაციულად არღვევენ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რაც ფინანსურ ურთიერთობებში ვალუტად ლარის გამოყენებას გულისხმობს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამგვარი რეგულაციებით ეროვნული ბანკი ერევა ადამიანების ეკონომიკურ ურთიერთობებში და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში ფინანსური მიმართულებით და როგორ ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს აქ შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ 1 დოლარად, რაც არის რეგულაციის დარღვევა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ლარით შეგიძლიათ ანგარიშწორება, ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ კრიპტო ვალუტით და ასევე შეგიძლიათ ჩვენგან ისესხოთ 1 დოლარი, რაც ასევე რეგულაციის დარღვევაა. მოქმედი რეგულაციის თანახმად არ შეიძლება 200 000 ლარზე ნაკლების სხვა ვალუტაში გასესხება“ – აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ პერფორმანსს ექნება რეგულარული ხასიათი. აღსანიშნავია, რომ აქციის მცირე მასშტაბების მიუხედავად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა კახა კუჭავასთან შეხვედრას აპირებს
შემდეგი სტატიაცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს