“გირჩი” ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქიდან მოხსნან

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, “გირჩის” წევრები ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქიდან მოხსნან.

“ბატონებო, ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე.
დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია. რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება.
ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია.
გარდა ამისა, ზურამ შეასრულა „გირჩის“ შექმნის დროს გაცემული დაპირება და კუთვნილი ადგილი პარტიულ სიაში თანამოაზრეებს დაუთმო. თუ არა ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის აპათია პოლიტიკისადმი, რაც ხელისუფლების დამსახურებითაა გამოწვეული, ბატონ ბიძინას პოლიტიკურ მოედანზე ზურასთან ისეთივე შანსი ექნებოდა, როგორც ზურას ბიძინასთან რაგბის მოედანზე.
ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.
ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.
ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ რჩევა. მოხსენით ვაკეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა”, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატიარექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ